დღეს მეოთხედფინალებით პლეი ოფი დაიწყო, თუმცა თბილისში
გასამართი 2 მატჩი სპორტის სასახლის ელექტროობით მოუმარაგებლობის გამო გადაიდო. ბათუმში
კი შსს–მ იმარჯვა, რუსთაველებმა კი შინ „სამედიცინო–აკადემიას“ სძლიეს.
მოსალოდნელიც იყო, რომ რუსთაველები შინ გაიმარჯვებდნენ. საბოლოოდ ასეც
მოხდა, თუმცა პირველ მეოთხედში „სამედიცინო–აკადემიამ“ არაფერი დაუთმო ჩემპიონატის
უმთავრეს ფავორიტს. მერაბ ბოქოლიშვილის, იოსებ ლეჟავას, კახა მუმლაძის აქტიურობის
შედეგად თბილისელებმა პირველ მეოთხედში ტოლსწორი ბრძოლა გაუმართეს რუსთაველებს და
საწყისი მეოთხედი მხოლოდ ქულით დათმეს – 16:17.
ორწუთიანი შესვენების შემდეგ რუსთაველებმა საქმეს ხელი უფრო
სერიოზულად მოჰკიდეს და სოლიდურ ლიდერობასაც დაეპატრონენ. მიხეილ ჭოჭუა შორიდან
შეუდგა ქულების გროვებას და მას ამ საქმეში მხარს რუსთაველთა ამერიკელი ლეგიონერი
დომონიკ ტილფორდიც უბავდა. რუსთაველებმა პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგეს, დარჩენილ
დროში კი 47–ამდე გაზარდეს უპირატესობა და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
გამარჯვებულთაგან 25 ქულით ბომბარდირი გახდა მიხეილ ჭოჭუა, ხოლო
დომონიკ ტილფორდმა 19 ქულა მოაგროვა.
რაც შეეხება ბათუმურ მატჩს, ის უფრო დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ
სტუმართა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის კალათბურთელების გამარჯვებით –
75:70 დასრულდა. გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა.
ბათუმელებმა პირველი მეოთხედი 3 ქულით მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი იყო. მესამე ათწუთეულში კი უკვე შსს–მ იძალა 3 ქულით და ბოლო პერიოდის წინ 54:51 იგებდა. ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა მოინდომეს და ანგარიში გაათანაბრეს. შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა, სადაც შსს–მ მეტი მობილიზება გამოავლინა და საბოლოოდ 75:70 იმარჯვა.
ამ წარმატებით თბილისელებმა მოედნის უპირატესობა წაართვეს
ბათუმელებს და თუკი 16 აპრილს თბილისშიც გაიმარჯვებენ, ნახევარფინალში გავლენ. ამ
მატჩის სრული ოქმი ჩვენს ვებ–გვერდზე ხვალ განთავსდება.
რაც შეეხება დღეს თბილისში გასამართ მეოთხედფინალურ მატჩებს (სსაუ –
დინამო, თსუ – სოხუმი), ისინი 17 აპრილს, შესაბამისად 12 და 16 საათებზე
გაიმართება.