გორდონ ჰერბერტის თავკაცობით “პო-ორტეზმა” საფრანგეთის თასი მოიგო, დაამარცხა რა ფინალში ქვედა დივიზიონში მოასპარეზე “ნანტერი” 92:83 (30:20, 19:25, 24:24, 19:14).
გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იყო აარომ მაილზი (MVP), რომელმაც შეხვედრა 23 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, ხოლო რიკარდო გრირის ანგარიშზე კი 20 ქულა, 5 ზუსტი პასი და 3 მოხსნა იყო.
“ნანტერმა” იბრძოლა, მაგრამ გაცილებით გამოცდილ მეტოქესთან საბოლოოდ მაინც დამარცხდა. “ნანტერის” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სტივენ ბრედფორდი გახდა, რომელმაც 24 ქულას 8 მოხსნაც დაურთო. “ბერსის” დარბაზში 3 500 მაყურებელი შეიკრიბა, ხოლო ჰერბერტის გუნდმა კი ამ გამარჯვებით მომდევნო სეზონში ფიბას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.
გორდონ ჰერბერტი: “ ეს გუნდური გამარჯვებაა და მინდა კიდევ ერთხელ “პო-ორტეზის” ყველა მოთამაშესა და საერთოდ, ჩვენი ორგანიზაციის თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადავუხადო. მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნება იყო”.