პორტუგალიაში ჩასულ კადეტებს სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ

მოულოდნელი, თუმც ჩვენთვის სასარგებლო რამ მოხდა კარსმომდგარ 16–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. ხვალ პორტუგალიურ ქალაქ მადეირაში სტარტს იღებს კადეტთა კონტინენტური პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირი, თუმც მხოლოდ ახლა ირკვევა, რომ მისი ერთ–ერთი მონაწილე ბოსნია ჩემპიონატზე ვერ ჩავა. ბოსნია არ ყოფილა ჩვენი მეტოქე პირველ ეტაპზე, მაგრამ ცვლილებები ჩვენს ჯგუფსაც (ირლანდია, ინგლისი, დანია, ფინეთი, საქართველო) შეეხო. სულ ტურნირში 19 გუნდს უნდა მიეღო მონაწილეობა, რომლებიც 4 ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი: სამში 5–5 და ერთში 4 გუნდი. ბოსნია 4–გუნდიან ჯგუფში იყო და მას ინგლისის ნაკრები ჩაანაცვლეს, რომელიც ჩვენი მეტოქე უნდა ყოფილიყო. მაშ ასე, ჩვენი ჯგუფი 4 გუნდამდე შემცირდა, რაც მწვრთნელის, გია კაზანჯიანის აზრით მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებს ზრდის. საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ჯგუფის მეტოქეთაგან ყველაზე ადრე (გუშინ) ჩავიდა პორტუგალიაში, კაზანჯიანს კი დღეს შევეხმიანეთ მადეირაში…
 

 
– რას იტვით მომხდარ ცვლილებებზე?
– თავდაპირველად იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. არ ვიცი, რა მოხდა, რატომ ვერ ჩამოვიდა ბოსნია ჩემპიონატზე, მაგრამ ამის გამო რომ ეს ქვეყანა სამაგალითოდ დაისჯება, ეს ფაქტია. თან იმიტომაცაა ეს ამბავი უცნაური, რომ სწორედ ბოსნია იყო 9 დღის წინ დასრულებული 18–წლამდელთა ანალოგიური ტურნირის მასპინძელი…
… რაც შეეხება ცვლილებებს, ამ გაუთვალისწინებელმა ამბავმა ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი. ელემენტარული ლოგიკაა – აქამდე ჯგუფიდან რომ გავსულიყავით, 5 გუნდიდან საუკეთესო ორეულში უნდა მოვხვედრილიყავით, ახლა კი 4–ნი დავრჩით. ამას ის პლუსიც აქვს, რომ რაკი ინგლისთან მატჩი ამოვარდა, თამაშებს ერთი დღის გამოტოვებით გავმართავთ, რაც აქამდელ გრაფიკზე უფრო კომფორტულია. თუმცა არის ერთი მინუსიც: რაკი ინგლისი ამოვარდა, ჩვენი ჯგუფის კალენდარი გარკვეულწილად შეიცვალა და ფინეთ–დანიის მატჩი სხვა დარბაზში გადაიტანეს. ანუ მათი დაზვერვის საშუალება არ გვექნება, რაკი ელემენტარულად ვერ ვასწრებთ მათ მატჩზე მისვლას. თუმცა ეს უარყოფითი ფაქტორი მათზეც ვრცელდება და დანია–ფინეთიც ვერ ნახავს ჩვენს თამაშს, სანამ უშუალოდ ერთმანეთს არ შევხვდებით.
– უკვე ივარჯიშეთ?
– ჯერ არა, დღეს, 5 აგვისტოს, დილის 11 საათზე გვაქვს პირველი ვარჯიში. გუშინ საღამოს 7 საათზე შემოვედით სასტუმროში და მგზავრობით დაღლილებმა ვახშმის შემდეგ ეგრევე დავიძინეთ. ხვალ დილას მეორე ვარჯიშს გავმართავთ და საღამოს უკვე პირველი ბრძოლა გველის.
– ვარჯიშებზე არ შეგიძლიათ ჩვენი მეტოქეების დაზვერვა?
– ვარჯიში დახურულია, თანაც ჯერ არ ჩამოსულან ჩვენი მეტოქეები. ჯგუფში ვინც ერთად ვართ, სასტუმროშიც სწორედ ის გუნდები ვართ თავმოყრილნი და აქ ჯერ არავინ გამოჩენილა. შუადღეს ირლანდია ჩამოვა და მერე დანარჩენი გუნდებიც მოყვებიან.
– გუნდში როგორი სიტუაციაა?
– ყველა ჯანმრთელადაა და ბრძოლის ჟინიც არ აკლიათ. ყველაფერი მაინც მოედანზე გასვლის შემდეგ გამოჩნდება – წინასწარ რამის თქმა ძნელია. ჩვენ მაქსიმუმის მიღწევას ვეცდებით და რა გამოვა, ვნახავთ.
– მაინც რა შედეგს უმიზნებთ?
– რა თქმა უნდა, ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვით. ჩვენი მიზანი ამ ბიჭებისთვის გამოცდილების შეძენა და მათი კლასის ამაღლებაა. ამავდროულად, რაც უფრო მეტ თამაშს მოვიგებთ, მით უფრო ნაყოფიერი იქნება ეს ყველაფერი. მეტოქეებს არ ვიცნობთ და კონკრეტულ შედეგზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ.
 
ჩვენი ნაკრების სახეცვლილი კალენდარი პირველ ჯგუფურ ეტაპზე:
 
6 აგვისტო
საქართველო – ირლანდია
8 აგვისტო
დანია – საქართველო
10 აგვისტო
საქართველო – ფინეთი