ხვალ, 11 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მორიგი მატჩი ელის. ჩვენი მეტოქეა პორტუგალია, რომელიც თბილისში წუხელ, ღამის 3 საათზე მიუნჰენის რეისს ჩამოჰყვა. პორტუგალიელების დელეგაცია 20–კაციანია და ისინი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დავაბინავეთ.
პორტუგალიის მთავარი მწვრთნელი მონჩო ლოპესი
პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მონჩო ლოპესმა თავიდანვე გვამცნო, რომ ნიკოლოზ ცქიტიშვილი ჩემს გუნდში თამაშობდა, როცა ესპანურ „კახასოლს“ ვწვრთნიდიო…
– ცქიტიშვილი კარგი მოთამაშეა, მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მოედანზე – განაგრძო ლოპესმა – სწორედ საქართველოში გამომგზავრებამდე გავიგე, რომ მან კონტრაქტი ახალ ესპანურ კლუბს „ლაგუნ აროს“ გაუფორმა. ის ფაქტი, რომ ევროპის ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ ლიგაში ამდენი მოთამაშეები გყავთ, თქვენი ნაკრების კლასზე მეტყველებს. ესპანეთში ცქიტიშვილის გარდა ხომ თორნიკე შენგელია, ტორინ გრინი, ვიქტორ სანიკიძე თამაშობენ…
– სანიკიძემ გასული სეზონი იტალიურ სერია A-ში გაატარა…
– მე რომ ესპანეთში ვმუაობდი, სანიკიძე „ესტუდიანტესში“ იყო, თუმცა არანაკლებ ძლიერ ლიგაში გადასულა. ერთი სიტყვით, უმაღლესი დონის კლუბებში მოთამაშეების ყოლას არ უჩივით ჩვენგან განსხვავებით.
– ეს ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია?
– რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ნაკრებში ძლიერი ლიგის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა ჩემი აზრით მთავარი გუნდის შეთამაშება და მებრძოლი ხასიათია.
– ამის გათვალისწინებით ვის მიიჩნევთ ჩვენი ჯგუფის ფავორიტად?
– უპირველესად ბულგარეთს, რომელიც ძალიან მებრძოლი გუნდია და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ბულგარელები შესანიშნავად თამაშობენ დაცვაში, რაც განაპირობებს შეტევაში წარმატებას. შემდეგ ალბათ საქართველოს ჰყავს ყველაზე ძლიერი გუნდი, ბელგიელების თამაშმა კი მართლაც გამაკვირვა, არ ველოდი თუ ასე შეკრული ნაკრები ეყოლებოდათ. პოლონელებს ძალისმიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა არასტაბილურნი არიან და ეს მათი მინუსია.
– ალბათ ბულგარეთთან წაგებულ მატჩს გულისხმობთ…
– სამწუხაროდ, ბულგარეთისა და პოლონეთის მატჩს ვერ ვუყურე, ბელგიასთან ჩვენს თამაშს ემთხვეოდა. ვიცი რომ პოლონეთი ბოლო მეოთხედამდე დამაჯერებლად უგებდა და საბოლოოდ დამარცხდა. დაახლოებით ასეთი თამაში მოგვიგო ბულგარეთმა ჩვენც – ბოლო 5 წუთში ისეთი დაცვა გვეთამაშა, სამქულიანი არ გვასროლინა.
– რას იტყვით თვენი ნაკრების დებიუტანტ ნატურალიზებულ ამერიკელ მოთამაშე ჰაშიმუ ევანსზე?
– ევანსის დიდად კმაყოფილები ვართ, მან ყველა მატჩში თავი გამოჩინა, თუმცა მხოლოდ მისი ძალისხმევა არ ეყო თუნდაც ერთი გამარჯვების მოპოვებას.
პორტუგალიელ–ამერიკელი ჰაშიმუ ევანსი
– აქამდე რატომ არ შეიმატეთ ევანსი?
– პორტუგალია ალბათ ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც მოქალაქეიბას ვერ მიიღებ, თუკი 6 წელი მაინც არ იცხოვრებ და იმუშავებ იქ. სხვა ქვეყნებში პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება მოქალაქეობის მინიჭება, ჩვენთან კი არა. ამიტომაც არის, რომ საქართველომ და ჩვენი ჯგუფის ყველა წევრმა უკვე რამდენიმე ამერიკელს გაუკეთა ნატურალიზაცია. ევანსმა 6 წლის წინ მოიყვანა პორტუგალიელი ცოლი, რის შემდეგაც ელოდებოდა პორტუგალიის მოქალაქეობას და ახლაღა მიიღო.
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა:
4 მიგელ მინავა
5 ჰეშიმუ ევანსი
6 ხაიმე სილვა
7 დავიდ გომესი
8 ფრანცისკო ჟორდაო
9 მარიო ფერნანდესი
10 კარლოს ანდრადე
11 პედრო პინტუ
12 ანდრე პინტუ
13 ნუნუ კორტესი
14 მიგელ მირანდა
15 ჟოაო სანტუში
მთვარი მწვრთნელი – მონჩო ლოპესი
ასისტენტები – რუი ალვეში, რუი მირანდა
დელეგაციის ხელმძღვანელი – ჟოაო კარვალიუ
მენეჯერი – კარლუშ სალდანია
პორტუგალიელები თბილისის აეროპორტში
პორტუგალიელები “ქორთიარდ მარიოტში”