საქართველოს თასის გათამაშება ქალთა შორის. ფინალი. სპორტის სასახლე. 25 მაისი
თსუ 68:60 ზესტაფონი
თსუ: იზაბელა ფრანკი, ნათია ფუტკარაძე (22), მარიამ გელოვანი, ხატია ძიმისტარიშვილი, თამუნა კაკულია (1), თეონა კიკაბიძე, ლია რამიშვილი (1), რუსუდან სიდამონიძე (4), ნათია აბულაძე (29), თიკო ცხადაია (8), ნათია გოგოლაშვილი, დარეჯან წიქორიძე (3)
მთავარი მწვრთნელი: ელდარ კაპანაძე
ზესტაფონი: ნინო კვირიკაძე (1), ნათია სვიანაძე, სოფო შენგელია (2), ანა იორაშვილი (9), ქეთი მოდებაძე, ფატი ხუსკივაძე (14), ნატა მეტრეველი, სალომე სირბილაძე (12), ეკა გრიგალაშვილი, თამუნა მანჩხაშვილი (22), თამუნა მოდებაძე, შორენა კუპატაძე
მთავარი მწვრთნელი: თემურ ჯიშიაშვილი
მწვრთნელი: მამუკა კიკნაველიძე
საქართველოს თასი ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიგო. რაც ეს ტიტული 2003 წლიდან თამაშდება, მას სხვა მფლობელი არ ჰყავს თსუ–ს გარდა. ელდარ კაპანაძის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ სპორტის სასახლეში „ზესტაფონს“ დაძაბულ ბრძოლაში 68:60 მოუგო.
თასის ფინალში ტრადიციულად ის გუნდები გადიან, რომლებიც ჩემპიონატში 1–2 ადგილებს დაიკავებენ. თსუ ჩემპიონი გახდა, „ზესტაფონმა“ კი მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის მანძილზე ორჯერ დაამარცხა თსუ, მაინც მეორე ადგილი დაიკავა. თავად ის ფაქტი, რომ რეგიონის, ზესტაფონის გუნდი საქართველოს წლების მანძილზე საუკეთესო თსუ–ს გაუძალიანდა, მრავლისმეტყველია. ზესტაფონში ქალთა კალათბურთის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, რასაც ისიც მოწმობს, რომ ამ გუნდის საქომაგოდ ხშირად დადიოდა ამ რეგიონის ხელმძღვანელობა და ამჯერადაც ასე იყო.
სათავისო ყურადღება არც თსუ–ს აკლია. გუშინდელ ფინალს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა და სპორტისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ხარჯავანიძე ესწრებოდნენ, რომლებიც მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე ჩავიდნენ და გოგონებს თასის მოგება მიულოცეს.
საკუთრივ მატჩი კი ძალიან საინტერესო გამოვიდა. პირველი მეოთხედი თანაბრად ჩამთავრდა, მერე კი თსუ–მ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მოულოდნელად ზესტაფონელებმა ტემპს უმატეს და მიზანშიც ზუსტად არტყავდნენ. თამუნა მანჩხაშვილმა შორი დისტანციიდან რამდენჯერმე ჩააგდო სამქულიანი და ბოლო მეოთხედში ზესტაფონელებმა ლიდერობაც კი მოიპოვეს – 58:57.
ბოლო წუთებში საკუთარი სიტყვა თქვა თსუ–ს ლიდერმა ნათია აბულაძემ, რომელსაც თანაგუნდელებიც დაეხმარნენ და უნივერსიტეტელებმაც გაიმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნათია აბულაძემ საბოლოოდ 29 ქულა მოიპოვა.
“ზესტაფონის” ქომაგები
თსუ–ს ქომაგები
თასის მფლობელი თსუ
თსუ ხელმძღვანელობასთან – გიორგი ხუბუასთან და ირაკლი ხარჯავანიძესთან ერთად
თსუ გულშემატკივრებთან ერთად