ნიკა ცქიტიშვილი(უკანა პლანზე) “ფუენლაბრადას” ვარჯიშზე
ესპანური პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების წარგზავნილთაგან ორმა იმარჯვა, ერთმა კი, ქართულად ნატურალიზებულმა ამერიკელმა, ტაირონ ელისმა, ისევ წააგო და მისი “კახასოლი” ლიგის აუტსაიდერად რჩება.
“კახასოლი” შინ, სევილიაში თამაშობდა, მაგრამ უშანსოდ წააგო, რამეთუ მისი მეტოქე ესპანური გრანდი, ვიტორიის “ტაუ” გახლდათ. ელისის გუნდი საბოლოოდ 74:101 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა კი, რომელიც ხუთეულში იყო, 31 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ტაირონმა 4–დან 2 ორიანი და 6–დან 2 სამქულიანი ჩააგდო, თუმც სევილიელებს ამ მატჩში წარმატების შანსი არ ჰქონიათ.
ვლადიმერ ბოისას “მენორკას” მეტოქედ “სარაგოსა” ჰყავდა, რომელიც იოლად, 102:75 გაანადგურა. ბოისამ ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ვოვას ანგარიშზე საბოლოოდ 9 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 4 ორქულიანი ცდიდან მხოლოდ ერთი ააცილა, ხოლო შორი დისტანციიდან განხორციელებული 4 სროლიდან 1 ჩააგდო.
დაბოლოს, ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადას” წარმატებაზე ვთქვათ. მადრიდულმა კლუბმა სტუმრას “ესტუდიანტესი” დაამარცხა – 89:71. “ცქიტომ” ბოისას დარად 20 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავ ლობაში 5 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. ნიკას ბევრი არ უსვრია – 5 ქულის შეგროვებას 3 სროლა დააჭირვა, რომელთაგან ორმა უწია მიზანს. ამასთან, ცქიტიშვილს 5 მოხსნაც დაუგროვდა და თავისიანებს გამარჯვებაში ხელი გვარიანად წააშველა.
სამი “ქართული” გუნდიდან ცხრილში ყველაზე დაწინაურებული სწორედ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადაა”, რომელსაც 7 მატჩის შემდეგ 4 გამარჯვება მოჰგროვებია. ბოისას “მენორკა” მე–14 ადგილზეა, ხოლო ელისის “კახასოლი”, როგორც უკვე ვთქვით, პრიმერადივიზიონის ბოლო, მე–17 საფეხურზე დალექილა.
ტაირონ ელისი