გიორგი ცინცაძემ და ვიქტორ სანიკიძემ ესტონური “როკის” შემადგენლობაში პირველი საერთო ტიტული მოიგეს – მათი გუნდი ბალტიის ლიგის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, რაც “როკერებისთვის” პირველი ტიტულია ამ საკმაოდ წარმომადგენლობიტ და მძლავრ შეჯიბრში. “ოთხთა ფინალის” ნახევარფინალში კაუნასის “ჟალგირისთან” დამარცხების შემდეგ (74:85), ტარტუელები ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში “ლიეტუვოს რიტასისგან” ძლეულ “ასკ რიგას” დაუპირისპირდნენ და 77:68 იმარჯვეს.შეხვედრის პირველი ათწუთეული ქართველთა გუნდმა საკმაოდ დიდი სხვაობით, 18 ქულით (11:29) წააგეს და ამის შემდეგ ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, “როკერები” რომ ამ მატჩის “შემობრუნებას” შეძლებდნენ. სკეპტიკოსთა აზრი მეორე მეოთხედშივე გაქარწყლდა – ესტონელებმა პერიოდი 16 ქულით (26:10) მოიგეს და შესვენებამდე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.მესამე ათწუთეულმაც ტარტუელთა უპირატესობით ჩაიარა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ, ლიდერის როლში უკვე ისინი იყვნენ – 56:50. ბოლო მეოთხედმა კი, თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, რამაც “როკს” ბალტიის ლიგის ბრინჯაო მოუტანა. საბოლოოდ, ტარტუელებმა 77:68 იმარჯვეს.ესტონური გუნდის წარმატებაში ჩვენებურებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს. ტრადიციულად, “როკერთა” ძირითად ხუთეულში იყო გიორგი ცინცაძე. მოედანზე გატარებულ 36 წუთში ცინცაძეს საკმაოდ მრავალფეროვანი სტატისტიკა ჰქონდა – 15 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი), 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. სათქმელია ისიც, რომ ცინცაძე ბალტიის ლიგის საეკეთესო მეპასე გახდა (საშუალოდ ერთ მატჩში 5.09 შედეგიანი გადაცემა).თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო ვიქტორ სანიკიძე, თუმცა ორმაგი დუბლის გაფორმება მაინც მოახერხა – ვიკამ 28 წუთში 12 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო) და 11 მოხსნა (5 შეტევითი) მოიხვეჭა. ამის გარდა, სანიკიძემ ორჯერ პარტნიორებს ასისტენტობა გაუწია და ერთხელაც მეტოქის შეტევა ჩაშალა. აღსანიშნავია, რომ რიგელი კალათბურთელები მის წინააღმდეგ თამაშისას ექვსჯერ დაჯარიმდნენ.საერთო ჯამში, ტარტუელთა წარმატებაში ქართველმა ლეგიონერებმა თავიანთი წვლილი 27 ქულით (საერთო რაოდენობის მესამედზე მეტი), 19 მოხსნით (საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი), 8 პასითა (საერთო რაოდენობის ზუსტად ნახევარი) და 3 ჩაჭრით შეიტანეს.ბალტიის ლიგის გამარჯვებული კი “ლიეტუვოს რიტასი” გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში “ჟალგირისი” საკმაოდ იოლად, 97:74 დაამარცხა.
გახარებული ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ცინცაძე