ქართველების “როკი” ტალინის “კალევთან” დამარცხდა

ესტონეთში სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდეს, გუნდები ერთმანეთში მოსამზადებელ მატჩებს მართავენ. 2 ქართველი ლეგიონერით გაძლიერებული „ტარტუ როკი“  შინაურ კალათბურთში უმთავრეს მეტოქე ტალინის „კალევს“ შეხვდა და 64:75 დამარცხდა. ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი ცინცაძემ, რაც შეეძლოთ, გააკეთეს, მაგრამ ტარტუელები მაინც წაგებულები გამოვიდნენ .
 

ბურთითაა ვიქტორ სანიკიძე
 
ცინცაძემ ტრადიციულად ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზე 29 წუთი გაატარა. მან საშუალო მანძილიდან 6–ჯერ შეუტია ტალინელთა ფარს და 2–ჯერ იხეირა, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 გაარტყა მიზანში. საბოლოოდ ტარტუელთა ქართველ გამთამაშებელს 7 ქულა და 5 პასი დაუგროვდა.
სანიკიძემ კი 15 წუთი ითამაშა და 8 ქულას 7 მოხსნაც მოაყოლა. ვიქტორმა ოთხივე საჯარიმო გამოიყენა, ხოლო საშუალო დისტანციიდან 4 ცდიდან 2–ჯერ უწია მიზანს.