ამხანაგური მატჩი. ისრაელი. აშქელონი. 1 ივლისი
ისრაელი (U–18) 92:79 საქართველო (U–18)
26:23 21:18 19:13 26:25
საქართველო: თავართქილაძე (13), ჩიკვილაძე (19), ბაქრაძე, დვალიშვილი (7), თენიეშვილი (4), იოსელიანი (8), ბოქოლიშვილი (16), ტეტელაშვილი, ლომოური (4), სულაბერიძე (3), ჯავახიშვილი (4), სანაძე (2), ჭიჭვეიშვილი, ბექაური
ამხანაგური მატჩი. ისრაელი. აშქელონი. 2 ივლისი
ისრაელი (U–17) 63:67 საქართველო (U–18)
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა დაასრულა ისრაელური ტურნე, სადაც 4 მატჩი ითამაშა და 1 მოიგო. გუშინ მიხეილ კობეშავიძის გუნდი ისრაელის 18–წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და 13 ქულის სხვაობით, 79:92 დამარცხდა. ჩვენს ნაკრებს კვლავ ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა და 19 ქულით საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, მანამდე კი მეტ–ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა.
დღეს კი ქართველმა ჭაბუკებმა მეოთხე მატჩი გამართეს, ოღონდ ისრაელის 1992–წლამდე დაბადებულთა წინააღმდეგ. ამ მატჩის გამართვა თავდაპირველად არ იგეგმებოდა, თუმცა ჩვენი ნაკრების მწვრთნელებსა და იქაურებს შორის შეთანხმების საფუძველზე კიდევ ერთი სპარინგ–მატჩი შედგა. რაკი წინასწარი შეთანხმება არ იყო, ამ მატჩის ტექნიკური ოქმი არ შედგენილა. თუმცა ჩვენიანთაგან გამორჩეული მოთამაშეების მონაგარი მაინც შევიტყვეთ, რომელიც უშუალოდ მწვრთნელმა, მიხეილ კობეშავიძემ გვამცნო. აკაკი დვალიშვილმა 18, ხოლო დუდა სანაძემ 16 ქულა მოაგროვეს. ფარზე კი გოგა ჯავახიშვილმა იყოჩაღა, რომელსაც 10 მოხსნა მოუგროვდა. 5 დაფარებითა და ამდენივე მოხსნით დაამთავრა თამაში ბექა ბექაურმა.
ჩვენებს მთელი თამაშის მანძილზე ეპყრათ საიმედო ლიდერობა და ბოლოში ცოტა მოდუნდნენ, თუმცა 4 ქულით მაინც გაიმარჯვეს.
მიხეილ კობეშავიძემ ეს კომენტარი გააკეთა ისრაელში ჩატარებული მატჩების შესახებ:
„ისრაელში საკმაოდ კარგად გამოჩნდა, რა დონეზე ვართ მომზადებულნი და რაზე გვმართებს მუშაობა. მეტოქე საკმაოდ ძლიერი რომ იყო, ეს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაში ძალიან დაგვეხმარა. ისრაელის ეს ნაკრები A დივიზიონშია და საკმაოდ მაღალ შედეგებსაც აჩვენებდა ბოლო წლებში. თბილისში რომ ჩამოვალთ, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გავხდეთ. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის მზადყოფნით უკმაყოფილო ვარ“.
მიხელ კობეშავიძე