ქართველმა 14-წლამდელებმა ევროპის ლიგა ცსკა-სთან ბრძოლაში წაგებული მატჩით დაასრულეს

ქართველმა 14-წლამდელებმა ევროპის ლიგა ცსკა-სთან ბრძოლაში წაგებული მატჩით დაასრულეს

2003 წელს დაბადებულთა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა 5-დან 3 გამარჯვებით დაასრულა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპი, რომელსაც 17-19 მარტს ლატვიის ქალაქმა რეჟეკნემ უმასპინძლა. ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ეტაპის საწყის 2 დღეში 4-დან 3 მატჩი მოიგო და დღეს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მოსკოვის ცსკა-ს შეხვდა.
ქართველებმა ბოლომდე, ღირსეულად იბრძოლეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. ბოლო პერიოდის წინ ქართველები 2 ქულით იგებდნენ, თუმცა ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და მეოთხედის 8:13 წაგების შემდეგ საბოლოოდ 3 ქულით – 46:49 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებში 12 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო საბა მურღულია. შალვა ჭეიშვილმა და ილია ხუციშვილმა 8-8 ქულა მოაგროვეს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის მე-3 ეტაპი და შესაბამისად ტურნირი 15 მატჩიდან 6 მოგებით დაასრულა.