ქართველმა 16–წლამდელებმა ბელგიაზე შური დრამატულ ბრძოლაში იძიეს

ქართველმა 16–წლამდელებმა ბელგიაზე შური დრამატულ ბრძოლაში იძიეს

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. ესტონეთი. ტალინი. 6 აგვისტო
საქართველო 65:64 ბელგია
 
საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა ბელგიაზე შური იძია. ბენილუქსელებმა გუშინ ჩვენი ეროვნული ნაკრები დაამარცხეს, დღეს კი გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დრამატულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 65:64 დაამარცხა ბელგია და ჯგუფის ლიდერობა გაიმყარა.
 
კაზანჯიანის გუნდმა მცირე საოცრება მოახდინა, როცა მატჩის ცუდად დაწყებისა და მესამე მეოთხედის ბოლოს 15 ქულით ჩამორჩენის შემდეგ მაინც მოახერხა გამარჯვება. საოცარია, მაგრამ ფაქტია: ბელგიელები ისე ლიდერობდნენ. რომ მატჩისთვის განკუთვნილ ძირითად 40 წუთში ერთი სამქულიანიც არ ჩაუგდიათ.
 
პირველი ტაიმი ბელგიელთა ლიდერობით მიმდინარეობდა, თუმცა შესვენებისთვის ჩვენებმა მოახერხეს ვითარების გამოსწორება – 30:31. დიდი შესვენების შემდეგ ქართველები ისევ შეიბორკნენ და მთელი 15 ქულით ჩამორჩნენ. მესამე მეოთხედის დასრულებას 16 წამი აკლდა, როცა ბელგიელები 50:35 დაწინაურდნენ. კაზანჯიანის გუნდი ათწუთეულს 4 ქულით ასრულებდა, თუმცა მეოთხედის ბოლო 6 წამში ლერი კვანტალიანმა და ლევან ლოლიშვილმა 5 ქულა მიუთვალეს საქართველოს ნაკრებს და ბოლო შესვენებაზე ანგარიში 50:40 იყო.
 
მანამდე აქტიურ ბექა ბურჯანაძეს ბოლო მეოთხედში ნიკა რამიშვილიც შეეშველა, რომელმაც რამდენიმე ზუსტი გარღვევის შემდეგ ანგარიში შეამცირა, ხოლო ბურჯანაძის სამიანით ქართველებმა ჩამორჩენა სრულიად გააბათილეს – 52:52 ძირითადი დროის დასრულებამდე 2,40 წუთით ადრე. უნდა აღინიშნოს, რომ ისე მოვიდა ბოლო წუთი, კაზანჯიანის გუნდს მეოთხედში ერთი ჯარიმაც არ მიუღია. დასრულებამდე 38 წამით ადრე ბათუმელმა ირაკლი მიქელაძემ, რომელიც საბოლოოდ გახდა კიდეც ამ მატჩის გმირი, 2 საჯარიმოთი ქართველები 54:52 დააწინაურა. ბელგიელებმა 16 წამში გაათანაბრეს: ელ ხუნჩარმა ორქულიანი მიითვალა. ქართველები კი ცდილობდნენ ჯარიმებით ჩაეშალათ მეტოქის შეტევა და მიიღეს კიდეც 2 ჯარიმა, მაგრამ ხუნჩარმა თამაშიდან მაინც მოახერხა ორქულიანის ჩაგდება და 54:54.
 

ირაკლი მიქელაძე
 
შეტევის ორგანიზება ისევ ირაკლი მიქელაძემ აიღო საკუთარ თავზე და ბელგიელები ისევ დაჯარიმდნენ მასზე. ბათუმელმა, რომელსაც ბოლო წუთამდე 4–დან 1 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული, ისევ ზუსტად ისროლა ორივე სროლა და ჩვენები სირენამდე 10 წამით ადრე კვლავ დააწინაურა. დარჩენილ დროში ქართველებმა ორჯერ ჯარიმით ჩაშალეს ბელგიელთა შეტევა, აი, მესამე ჯარიმა კი მეხუთე გუნდური აღმოჩნდა და ემანუელ ლეკომტემ ანგარიში ზედ სირენის წინ საჯარიმოებით გაათანაბრა – 56:56.
 
დამატებით დროში კიდევ ერთხელ გაიარეს ბეწვის ხიდზე ქართველებმა. იმავე ლეკომტმა რამდენიმე ზუსტი სროლა განახორციელა და საფინალო სირენამდე 2, 28 წუთით ადრე ბელგია მთელი 6 ქულით – 64:58 დაწინაურდა. მიქელაძემ სწრაფი სამქულიანით უპასუხა ბელგიელებს, რომლებმაც მომდევნო შეტევაში ჯერ ააცილეს, მაგრამ თავიანთივე მოხსნილი ბურთი დაკარგეს და ლევან გრძელიძემ 2 საჯარიმოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 63:64 დასრულებამდე 38 წამით ადრე. ბელგიელებმა გადამწყვეტ შეტევაში ბურთი დაკარგეს და ქართველებს 22 წამი დარჩათ თამაშის გადასარჩენად. ოვერტაიმის დასრულებამდე 10 წამით ადრე ირაკლი მიქელაძემ ორქულიანი ზუსტად ესროლა და საქართველო ამ მატჩში საბოლოოდ დააწინაურა – 65:64.
 
ბელგიელებმა სცადეს, მაგრამ ხუნჩარის ნასროლი არაზუსტი აღმოჩნდა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩში მეორე გამარჯვება იზეიმა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მეორე მატჩში ლუქსემბურგმა დაძაბულ ბრძოლაში – 66:64 დაამარცხა რუმინეთი. ქართველების მომდევნო მეტოქე ძლიერი ლუქსემბურგია, რომელმაც პირველ ტურში 22 ქულით დაამარცხა კერკეტი ბელგია. თუმცა სლოვენიელებთან მარცხის შემთხვევაში ქართველები მაინც მოახერხებენ ჯგუფიდან გასვლას, თუკი ბოლო ტურში, 9 აგვისტოს, ლუქსემბურგს დაამარცხებენ.
 
1.         საქართველო           2          2/0       148/125           4
2.         სლოვენია                   1          1/0       71/49               2
3.         ლუქსემბურგი            1          1/0       66/64               2
4.          რუმინეთი                 2          0/2       125/149            2
5.         ბელგია                       2          0/2       113/136            2