ქართველმა 16–წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი რუმინელების განადგურებით დაიწყეს

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. ესტონეთი. ტალინი. 5 აგვისტო
რუმინეთი 61:83 საქართველო
 
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16–წლამდელთა ნაკრებმა ომახიანად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, სადაც ჩვენები რუმინეთის, სლოვენიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად არიან. ქართველებმა პირველ ტურში რუმინელები გაანადგურეს. სხვათა შორის, სწორედ 22 ქულით იძალა ჩვენი ჯგუფის ფავორიტმა სლოვენიამაც, რომელმაც 71:49 მოუგო ბელგიას.
 
ჩვენმა ნაკრებმა რუმინელ თანატოლებს თავიდანვე აგრძნობინეს საკუთარი ძალა, როცა საწყისი მეოთხედი 27:16 მოუგეს.კაზანჯიანმა სათამაშო დრო თითქმის თანაბრად გადაანაწილა გუნდის წამყვან მოთამაშეებზე, ხოლო მთლიანობაში მოედანზე გასვლის საშუალება ყველას მისცა. ჩვენიანთაგან ბექა ბურჯანაძე, ლევან ლოლიშვილი და გიორგი ცირეკიძე გამოირჩნენ. ბურჯანაძემ შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 14 მოხსნა, ხოლო ცირეკიძემაც შესძლო ორმაგი დუბლის შესრულება – 11 ქულა, 10 მოხსნა. ლევან ლოლიშვილმა კარგი მიზანი გამოავლინა და 16 ქულას მოუყარა თავი. ქუთაისელი ლევან გრძელიძე მოედანზე მხოლოდ 18 წუთი იმყოფებოდა, თუმცა 12 ქულის მოგროვება მაინც მოახერხა.
 
ერთი სიტყვით, ჩვენებმა ყველანაირად დაჯაბნეს რუმინელები და ჯგუფიდან გასვლაზეც გააკეთეს განაცხადი. 6 აგვისტოს ჩვენები ბელგიას ხვდებიან და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენებისთვის. თუკი მოახერხებენ ბელგიელთა დამარცხებას, საუკეთესო ორეულში მოხვედრა თითქმის გარანტირებული ექნებათ. თბილისის დროით ეს მატჩი 10–ის 15 წუთზე დაიწყება.