ლიეჟის საერთაშორისო ტურნირზე მასპინძელ ბელგიასთან დასანანად წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია გაანადგურა. გია კაჯანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ისე სძლია, ერთი კარგი ვარჯიში გამოუვიდა.
ქართველებმა პირველი მეოთხედი 29:23 მოიგეს, ხოლო მეორეში მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გაარკვიეს. აღნიშნული ათწუთეული ქართველებმა 22:10 მოიგეს და პირველი ტაიმის შემდეგ 18 ქულით დაწინაურდნენ – 51:33.
კაზანჯიანს შესაძლებლობა მიეცა, ყველა მოთამაშე გამოეცადა და ასეც გააკეთა. მოედანზე ყველა კალათბურთელი გავიდა და სათამაშო დროც მეტნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. ყველაზე მეტი – 27 წუთი – ვილი ისიანმა ითამაშა, რომელიც 19 ქულით და 10 მოხსნით ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
10-ქულიან ზღვარს ისიანთან ერთად ლევან გოგალაძემ (14), ვიტალი ცქიფურიშვილმა (15), დავით ლიმიძემ (15) და გიორგი ცირეკიძემ (10) მიაღწიეს. ამ და საქართველოს ნაკრების დანარჩენი კალათბურთელების ძალისხმევით ქართველებმა შვეიცარია საბოლოოდ 29 ქულის სხვაობით გაანადგურეს.
საქართველო ტურნირის ბოლო დღეს, 3 აგვისტოს, პორტუგალიას შეხვდება, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება და რამდენიმე დღეში გეზს ბოსნიისკენ აიღებს, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. ბელგია. ლიეჟი. 2 აგვისტო
შვეიცარია 62:91 საქართველო
23:29, 10:22, 18:17, 11:23
საქართველო: გოგალაძე (14), გოგობერიშვილი (5), ლომიძე (15ქ, 4მ, 4პ), გიორგაძე (1), ისიანი (19ქ, 10მ); ალიევი (4ქ, 4მ), კერესელიძე (2), ცქიფურიშვილი (15), თვალაბეიშვილი (4), ცირეკიძე (10), სხირტლაძე, აფხაზავა (2)