ქართველმა 16-წლამდელებმა უნგრეთს სძლიეს და ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად გაინაღდეს

ქართველმა 16-წლამდელებმა უნგრეთს სძლიეს და ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად გაინაღდეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უშუალო კონკურენტი უნგრეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე კონტინენტის პირველობის „ბ“ დივიზიონში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდისთვის საწყისი მარცხის შემდეგ ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო, რითაც მეორე ადგილზე გამაგრდა და სასწაული უნდა მოხდეს, საბოლოოდ ეს ადგილი რომ ვერ შეინარჩუნოს.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში აუტსაიდერ ბელარუსს ხვდება, რომელმაც აქამდე ყველა შეხვედრა წააგო და დიდი სენსაცია უნდა მოხდეს, სლავებმა ქართველებს პრობლემები რომ შეუქმნან. ბელარუსს წინა ტურში სძლია იმ შვეიცარიამ, რომელსაც საქართველომ 36 ქულის აჯობა. ასე რომ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს შეუძლია, არხეინად იყოს, რადგან ბოლო ტურში ბელარუსის დამარცხებით ჯგუფიდან გადის.
რაც შეეხება უნგრეთთან მატჩს, ქართველებმა აღმოსავლეთ ევროპელებს დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს, თუმცა მეტოქეს რომ წარმატების შანსი მისცეს, ბოლო წუთებზე გამოჩენილი უყურადღებობის ბრალია. საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იგებდა და თითქოს სანერვიულოც არაფერი ჰქონდა, მაგრამ… ბოლო პერიოდის წინ უნგრეთი 13 ქულით ჩამორჩებოდა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რომ რჩებოდა, აკაკი ფიფიას ორქულიანს ქართველების 16 ქულით დაწინაურება (53:47) მოჰყვა…

როგორც ჩანს, ქართველებმა ჩათვალეს, რომ საქმე მოთავებული იყო და მეტოქემ ამით ისარგებლა – მომდევნო 4 წუთში 14:0 გაქცევა მოაწყო და მატჩის ბოლო წუთზე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 51:53. ჩერქეზიშვილმა წუთშესვენება აიღო, ქართველებმა ბურთი თამაშში შეიტანეს და უნგრელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს. ბერდია ქავთარაძემ ზუსტად შეასრულა ორივე ტყორცნა და საქართველო 55:51 დაწინაურდა. უნგრელებმა ბოლო შეტევა გააცუდეს და ჩერქეზიშვილის გუნდმა საჭირო და მძიმე გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება ბოლო მეოთხედამდე გამართულ ბრძოლას, ქართველებმა კლასიკურად ითამაშეს – მწყობრი დაცვითა და სწრაფი შეტევებით საქართველომ თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და უპირატესობას გააზრებული თამაშის წყალობით ინარჩუნებდა. ქართველების ტანმაღალმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ მეორე მეოთხედის დასაწყისისთვის მესამე პერსონალური მიიღო, თუმცა მწვრთნელი მას ენდო და თამაშიდან ხანგრძლივად არ გაუყვანია. ბითაძეც გონივრულად თამაშობდა და იმდენად აკურატულად ირჯებოდა, დაფარებებსაც არ ერიდებოდა – ბითაძემ საბოლოოდ 8 (!) დაფარება, 13 მოხსნა და 8 ქულა მოაგროვა. 12 ქულით ბომბარდირი ნიკა ჩეჩელაშვილი გახდა, რომელმაც ზედიზედ 9 ქულა პირველი მეოთხედის 2-წუთიან მონაკვეთში მიითვალა და 2:6 ჩამორჩენილი ქართველები 11:6 დააწინაურა. აკაკი ფიფიას ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 10 აგვისტოს ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავა.
ევროპის U16 ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. სოფია. ბულგარეთი. 9 აგვისტო უნგრეთი 51:55 საქართველო 12:18, 9:12, 9:13, 21:12სრული სტატისტიკა: 51:55