საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბელარუსს რევანშით ტოვებს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მინსკში 3 დღე დაჰყო, რის განმავლობაშიც 3 მატჩი გამართა. აზერბაიჯანის ძლევისა და ბელარუსთან წაგების შემდეგ, ქართველები დღეს მასპინძელთა ნაკრებს მეორედ შეხვდნენ და 69:63 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა ოპტიმალურისგან ძალიან შორს მდგარი შემადგენლობით ითამაშა. გარდა იმისა, რომ ბელარუსში ეროვნული გამოცდების გამო ნაკრების 5 კანდიდატი ვერ წავიდა, ტრავმის გამო გუნდს წამყვანი მოთამაშეები – გოგა ბითაძე და გიორგი ცირიკიძე ვერ ეხმარებიან. ბელარუსთან გუშინდელ მატჩში კი კიდევ სამმა მოთამაშემ – გიორგი გოგუამ, ნიკა ლეონიძემ და აკაკი ფიფიამ მიიღეს მცირე ტრავმები.
ამ კალათბურთელებმა დღევანდელ მატჩში შედარებით ცოტა ითამაშეს, თუმცა ქართველებმა ბელარუსებთან გუშინდელი მარცხის გამო რევანში მაინც აიღეს. პირველი ტაიმის 4 ქულით მოგების შემდეგ ქართველებმა მესამე პერიოდი 15:28 დათმეს და ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით ჩამორჩნენ. საქართველოს ნაკრების წევრთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტ მომენტში მათ ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. დასკვნითი 10-წუთეული კაზანჯიანის შეგირდებმა 23:8 მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდნენ.
საქართველოს ნაკრებში 18 ქულით ბომბარდირი ლევან ბაბილოძე გახდა. 16 ქულა მიითვალა ლუკა ბულაშვილმა, ხოლო ნიკა დარბაიძის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.
„ბელარუსულ შეკრებას დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, რამდენიმეც თბილისიდან გამოცდების გამო ვერ წამოვიდნენ. იმედი მაქვს, ტრავმებს მალე მოევლება და მონტენეგროში, სადაც დღეს ღამე მივემგზავრებით, არავინ დაგვაკლდება“ – განაცხადა გია კაზანჯიანმა, როცა მინსკში შევეხმიანეთ.
ამხანაგური მატჩი. 18-წლამდელები. მინსკი. 3 ივლისი ბელარუსი 63:69 საქართველო 15:12, 12:19, 28:15, 8:23 სრული სტატისტიკა: 63:69