ქართველმა 20-წლამდელებმა გერმანიასთან 75:89 წააგეს

ქართველმა 20-წლამდელებმა გერმანიასთან 75:89 წააგეს

წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა. დავით უსტიაშვილის გუნდს ტალინში გამგზავრებამდე მთავარი ლიდერი – ბექა ბურჯანაძე გამოაკლდა, რაც, როგორც ჩანს, ჩვენი ნაკრების ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
 
20-წლამდელთა ნაკრები ს პირველი მეტოქე ის გერმანია იყო, რომელსაც 22 ივლისს იტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე დაუპირისპირდა. იმ შეხვედრას ქართველები ბოლო მეოთხედამდე იგებდნენ, თუმცა ტანმაღალი მოთამაშეები პერსონალურების გამო გამოაკლდათ და საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ.  რაც შეეხება დღეს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრას, გერმანელებმა ამჯერად უფრო დამაჯერებლად – 89:75 გაიმარჯვეს.
 

 
თამაში თანაბრად დაიწყო. მესამე წუთისთვის გერმანელები 6:5 იგბდნენ, თუმცა შემდეგ 14:0 გაქცევა მოაწყვეს და 20:5 დაწინაურდნენ. ქართველებისთვის შეუჩერებელი იყო 213 სანტიმეტრი სიმაღლის უნივერსალი ბოგდან რადოსავლიევიჩი, რომელიც სამწამიანზე არანაკლებ სახიფათო პერიმეტრიდან იყო. მის აქტიურობას ჩვენი ტანმაღალი მოთამაეების პერსონალური ჯარიმებით ავსება მოჰყვა – გიორგი ცირეკიძეს და შოთა გელაზონიას მეორე მეოთხედში უკვე 4-4 პერსონალური ჰქონდათ.
 
შესაბამისად, უსტიაშვილს ამ მოთამაშეთა დასვენება დასჭირდა, რამაც გერმანელებს ფარქვეშ კიდევ უფრო გაუხსნა გზა და მათმა ლიდერობამ პირველი ტაიმის ბოლოს 18 ქულას მიაღწია. მეორე ნახევარში ქართველები ეცადნენ, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ დიდი სხვაობით არ დამარცხდნენ. ქართველთაგან შედეგიანად თამაშობდა ირაკლი მიქელაძე, რომელმაც საბოლოოდ 19 ქულა მოაგროვა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა ლერი კვანტალიანმა, რომელიც ძირითადად პერიმეტრიდან უტევდა. 10 ცდიდან კვანტალიანმა მხოლოდ 3-ჯერ იხეირა.
 
საბოლოოდ გერმანელებმა 89:75 მოიგეს. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც ლიტვა სერბეთს შეხვდება, დღეს, მოგვიანებით გაიმართება. საქართველოს ნაკრები ხვალ ისვენებს, ხოლო 11 ივლისსლიტვას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
 
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 9 ივნისი
გერმანია 89:75 საქართველო
23:15, 24:14, 23:22, 19:24
საქართველო: ორმოცაძე (12 წ.), მიქელაძე (31 წ. 19 ქ. 4 პ.), კვანტალიანი (29 წ. 15 ქ. 3 მ.), ცირეკიძე (25 წ. 8 ქ. 8 მ.), როგავა (25 წ. 10 ქ. 4 მ.); რამიშვილი (12 წ. 7 ქ.), ო.ფხაკაძე (20 წ. 3 მ.), თ.ფხაკაძე (6 წ.), გრძელიძე (4 წ.), გელაზონია (20 წ. 6 ქ.), ჯინჭარაძე (17 წ. 10 ქ.).
 სრული სტატისტიკა: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=23302
მატჩის VIDEO-მიმოხილვა: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=URxiH8MIbQU#at=64