ქართველმა 20–წლამდელებმა სლოვაკებიც გაანადგურეს

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. სკოპიე. 19 ივლისი
 
საქართველო 85:67 სლოვაკეთი
საქართველო: წივწივაძე (4 ქ, 4 მ, 4 პ), ტომარაძე (12 ქ), თ. შენგელია (24 ქ, 8 მ, 3 პ),  ლ. შენგელია (10 ქ, 7 მ), მეტრეველი (13 ქ, 6 მ, 5 პ); ნანიტაშვილი (3), ცეკვავა (7), მაჭავარიანი (2), აბაიშვილი, მათიაშვილი (8 ქ, 6 მ, 3 პ), კვეტენაძე (2), ჩაჩიბაია
 
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სლოვაკეთთან და ჯგუფიდან გასასვლელად შვედების დამარცხებაღა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ უკეთ დაიწყო თამაში, დავით უსტიაშვილის გუნდმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა.
თამაში ქართველებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო.  იურა ჰასანის სამქულიანს რიჩარდ გრჟნარმა და სტანისლავ  ბალდოვსკიმ ორიანები მოაყოლეს და სლოვაკეთი 7:0 დაწინაურდა. ცოტა ხანიც და სლავები 10:2 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც დავით უსტიაშვილმა წუთშესვენება აიღო.
საქართველოს ნაკრებმა ფარქვეშ უპირატესობა მოიპოვა, რაც გახდა კიდეც მიზეზი სლოვაკების ხშირი დაჯარიმებისა. მაგრამ რად გინდა – უსტიაშვილის გუნდის აქილევსის ქუსლმა კვლავ იჩინა თავი და ჩვენებმა აუარება საჯარიმოები ააცილეს. მარტო თორნიკე შენგელიამ პირველ მეოთხედში 7–ჯერ ესროლა საჯარიმო და მხოლოდ 2 ჩააგდო. პირველი ტაიმის ბოლო წამებამდე კი არც ერთ ქართველს არ ჰქონდა ჩაგდებული მიჯრით ორივე საჯარიმო – არადა,  ჩვენებმა15–ჯერ ესროლეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე 13 წამით ადრე ეს ნიკა მეტრეველმა მოახერხა, რომელმაც ორივე საჯარიმო ჩააგდო და საქართველო დიდ შესვენებაზე 12–ქულიანი უპირატესობით გაიყვანა.
საინტერესოა, როგორ დაწინაურდნენ ქართველები ასე სოლიდურად, თუკი ამდენ საჯარიმოს აცილებდნენ? ჩვენები კი ბევრს აცილებდნენ, მაგრამ ბევრსაც ხსნიდნენ და ამით ქართველებს განმეორებითი შეტევის უფლება ეძლეოდათ. შენგელია საჯარიმოებს აცილებდა, თორემ შორი დისტანციიდან სლოვაკები გააწამა: 5–დან 4 სამქულიანი ჩააგდო და პირველი ტაიმის შემდეგ 16 ქულით საუკეთესო იყო.
აღსანიშნავი იყო ნიკა მეტრეველის გარჯაც, რომელიც პირველ ტაიმში 11 ქულით გამოირჩა, ხოლო ლევან შენგელიამ 4 მოხსნა მიითვალა და ოთხივე მეტოქის ფარქვეშ (საბოლოოდ შვიდივე მოხსნა მეტოქის ფარზე დაუგროვდა).
მესამე მეოთხედში ყველაფერი გადაწყდა, რომელიც ქართველებმა 24:11 მოუგეს სლოვაკებს, 67:42 დაწინაურდნენ და ბოლო მეოთხედს აზრი დაუკარგეს. მალე სხვაობამ 30 ქულას გადააჭარბა და ქართველებს დარჩენილ დროში თავი აღარ გამოუდვიათ – დავით უსტიაშვილმა ძირითადი შემადგენლობის ხალხს დასვენების საშუალება მისცა – ხვალ ხომ სერიოზული ბრძოლა გველის ჯგუფიდან უკვე გასულ შვედეთის ნაკრებთან.
გათამაშების სისტემა ისეა შედგენილი, რომ პირველ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული გარკვეული ქულები გუნდს მეორე ჯგუფურ ეტაპზეც მიჰყვება. A (ჩვენი) ჯგუფიდან გასული ორი გუნდი B ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრებთან ერთად შექმნის ახალ ჯგუფს, ოღონდ პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშევი შედეგი მეორეშიც მიყვება. შესაბამისად, ხვალინდელ შედეგს ჩვენთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. თუ შვედებს მოვუგებთ, ჯგუფიდანაც გავდივართ (შვედეთთან ერთად) და მომდევნო ჯგუფს 2 ქულით ვიწყებთ.
 

თორნიკე შენგელიამ 24 ქულა მოაგროვა
 
19 ივლისი
შვედეთი 63:60 პორტუგალია
 
სატურნირო ვითარება
 
შვედეთი                   3        3        0        6
პორტუგალია            4        2        2        6
საქართველო             3        2        1        5
ლუქსემბურგი           3        1        2        4
სლოვაკეთი               3        0        3        3