ამხანაგური მატჩი. ისრაელი. აშქელონი. 29 ივნისი
ისრაელი (U–18) 69:48 საქართველო (U–18)
15:11 12:14 20:9 22:14
საქართველო: თავართქილაძე, ჩიკვილაძე (19), ბაქრაძე (9), დვალიშვილი (9), თენიეშვილი (7), იოსელიანი (4), ბოქოლიშვილი, ტეტელაშვილი, ლომოური, სულაბერიძე, ბექაური, ჯავახიშვილი
ისრაელში ამხანაგური მატჩების გასამართად წასულმა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მასპინძლებთან პირველი მატჩი წააგო. მიხეილ კობეშავიძისა და კახა შენგელიას გაწვრთნილმა ნაკრებმა ებრაელებს თავიდან ტოლ–სწორი ბრძოლა გაუმართა და პირველი ტაიმს შემდეგ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა დარჩენილ დროში კლასმა და საკუთარი მოედნის ფაქტორმა თავისი გაიტანა და საბოლოოდ ისრაელის 18–წლამდელთა ნაკრებმა 69:48 მოუგო ქართველ თანატოლებს. მიუხედავად იმისა, რომ 21 ქულით დამარცხდნენ, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელები არ არიან უიმედოდ განწყობილნი. მოდით მოვუსმინოთ ჩვენი ნაკრების ერთ–ერთ მწვრთნელ კახა შენგელიას, რომელსაც ისრაელში შევეხმიანეთ…
– შედეგის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ თამაშით უკმაყოფილოები ვართ. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი და ამ ბიჭების პირველი გამოსაცდელი მატჩი. ის კომბინაციები, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებდით, პირველად გამოვცადეთ ძლიერ მეტოქესთან მატჩში და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი A დივიზიონშია და თან მასპინძელი იყო, თამაშის ნახევარზე მეტი თანაბრად ვებრძოლეთ.
– ბოლოში მაინც სოლიდური სხვაობით წააგეთ და რას დააბრალებდით ამას?
– ვერ ვიტყვი, რომ ფიზიკურ მომზადებაში დავიჩაგრეთ და ამიტომ გვაჯობა მეტოქემ მეორე ნახევარში. მე ამას უფრო გამოცდილებას დავაბრალებდი. დიდი ხანი არაა,რაც ჩვენი ნაკრები უშუალოდ ბურთთან, კომბინაციების დამუშავებას შეუდგა და შესათამაშებლად გარგვეული დროა საჭირო. ყველაფერი გამოცდილებიდან მოდის, ეს კი ჩვენი პირველი მატჩი იყო. რაც მთავარია, გამოჩნდა ის მინუსები და პლუსები, რაც ჩვენს გუნდს აქვს. ახლა უკვე უფრო ზუსტად ვიცით, რაზე გვმართებს მუშაობა.
– როგორი ხუთეულით ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა?
– ტატო თავართქილაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ჩიკვილაძე, დავით იოსელიანი და აკაკი დვალიშვილი.
– რომელი 2 კალათბურთელი ვერ მოხვდა 12–კაციან განაცხადში?
– ბექა ჭიჭვეიშვილი და დუდა სანაძე.
– დღეს მომდევნო მატჩი გელით…
– წესით, დღეს უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ, ლოგიკურად ასეა და რა იქნება, მოედანზე გამოჩნდება. ჩვენ აქ მოსამზადებლად ვართ ჩამოსულები და მთავარი მიზანი ხარვეზების გამოსწორება და კომბინაციების სრულყოფაა. შედეგიც თავისთავად მნიშვნელოვანია.
ბექა ჩიკვილაძემ ისრაელს 19 ქულა ჩაუგდო