ქართველმა ვეტერანებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ქართველმა ვეტერანებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ვეტერანთა ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველი ვეტერანები საერთაშორისო ტურნირებზე სისტემატიურად ასპარეზობენ და თუკი შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს, წლეულს ევროპირველობაზე პლეი ოფშიც გავიდნენ და საპრიზო ადგილის მფლობელებიც გახდნენ.
ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 35-დან დაწყებული, 75 წლამდე დასრულებული, სხვადასხვა, 5-წლიანი ინტერვალით დაყოფილ ასაკობრივ კატეგორიებში იმართებოდა, საქართველოს ნაკრები 50+ წლიანთა პირველობაზე გამოვიდა, სადაც თავი 11-მა ნაკრებმა მოიყარა.
იტალია 3 ნაკრებით (A, B და C ) იყო წარმოდგენილი, ხოლო გერმანია – 2-ით. ქართველები 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდნენ უკრაინასთან, იტალიის B ნაკრებთან და რუსეთთან ერთად. ეს უკანასკნელი ტურნირზე არ ჩავიდა და შესაბამისად, ჯგუფში ყველა მეტოქესთან ტექნიკური წაგება – 0:20 ჩაეწერა. საქართველოს ნაკრებმა უკრაინას დაძაბულ ბრძოლაში – 51:49 მოუგო, იტალიასთან 73:91 დამარცხდა და ჯგუფში გამსვლელი მე-2 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ნოდარ ქორქია გახლდათ, ხოლო მოთამაშეები – პაატა გურასპაული, გია სანაძე, ალექსანდრე პეტრიაშვილი, დავით გიორგობიანი, ზაზა ღონღაძე, ლევან წულაია, გია ბერუაშვილი და დავით ჩიხლაძე.
პლეი ოფში გასული 8 ნაკრები მეოთხედფინალში დაწყვილდა. ქართველებმა პირველ მატჩში გერმანიის ნაკრებს 59:48 სძლიეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მასპინძელ სერბეთს შეეჩეხნენ. მეორე ნახევარფინალში იტალიის 2 ნაკრები შეხვდა, C ნაკრებმა B-ს სძლია. საქართველომ სერბეთთან 69:81 წააგო და მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიელებს დაუპირისპირდა. სატიტულო მატჩში ნოდარ ქორქიას გაწვრთნილმა ქართველმა ვეტერანებმა იტალიის B ნაკრები 81:74 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონენ.
 
საქართველო – უკრაინა 51:49