მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი.
ფინალი. რუსთავი. 17 იანვარი
ენერჯი–ინვესტი 75:58 შსს
17:13 29:14 10:15 19:16
ენერჯი: ტუღუში (6), არწივიძე (7), ჭოჭუა ((3), ტუჯანი (12 ქულა, 13 მოხსნა), ბაბიაშვილი (22); მაჭავარიანი, ცეკვავა (13), დვალიშვილი (6), აბაიშვილი, ხმელიძე (2), ბოისა (4)
შსს: ი. ბერიშვილი (6), ნიკოლაძე (6), ლაფანაშვილი (5ქ, 9მ), მარკოიშვილი, სუხიშვილი (20); დ. ბერიშვილი (10), მიქაბერიძე, ფაიქრიძე, პატარაია, კორკოტაძე (6), შერმადინი (3), ყველაშვილი (2)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
მიხეილ ბერუაშვილის დამოძღვრილმა „ენერჯი–ინვესტმა“ ქორქია–საკანდელიძის თასი დღეს შსს–ს ძლევით შეინარჩუნა. ამრიგად ქვემოქართლელებმა მეოთხედ მოიგეს დიდი ქართველი კალათბურთელების სახელობის მემორიალი და ტიტულთა საკმაოდ მდიდარი კოლექცია კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნეს.
თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდიც ქების ღირსია. არჩილ ჟღენტის დამოძღვრილმა გუნდმა ფინალში სსაუ–ს ძლევით გააღწია, რაც ახლადშექმნილი შსს–სთვის არაა ურიგო შედეგი.
დღევანდელ ფინალშიც ეცადა შსს გამარჯვების მიღწევას, თავიდან მედგრად დაუდგა რუსთაველებს, თუმცა შემართება მხოლოდ პირველ მეოთხედში ეყოთ „ძალოვნებს“. არა, მოტივაცია და აგრესია არ აკლდათ შსს–ს მოთამაშეებს, მაგრამ გამართულად მოთამაშე რუსთაველებთან ვერაფერს გახდნენ. თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ მეოთხედის მიწურულს მასპინძლები ამოქმედნენ. ზვიად ბაბიაშვილი ლამის მარტო გასწვდა შსს–ს დაცვითი ჯებირის გადალახვას, აი, დაცვაში კი ჟოლივეტ ტუჯანი, კოტე ტუღუში და მიხეილ ჭოჭუა გამოირჩეოდნენ.
„ენერჯი–ინვესტმა“ 17:13 მოიგო პირველი ათწუთეული და მეორეში კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. მეთხუტმეტე წუთისთვის ქვემოქართლელები ორმაგი ანგარიშით 30:15 იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენებისთვის სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს – 46:27.
ამის შემდეგ დაიწყო შსს–ს გაუთავებელი დევნა, მაგრამ „ძალოვნების“ ყოველი მცდელობა რუსთაველებმა ჩაახშვეს. ჟღენტის გუნდი 10 ქულითაც ვეღარ მიუახლოვდა „ენერჯი–ინვესტს“, სიტუაცია რომ დაეძაბა და შანსი გაჩენოდა. ასე ჩამთავრდა მესამე, შემდეგ კი მეოთხე ათწუთეული და რუსთაველებმა ქორქია–საკანდელიძის გარდამავალი თასი თავისთან დაიტოვეს.
ტურნირზე დაწესებული იყო საუკეთესო უკანახაზელისა და ფორვარდის პრიზები, რომლებიც ამ ამპლუებში საუკეთესოებს მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მეუღლეებმა – ქალბატონებმა მანანამ და მაცაცომ გადასცეს.
ორივე პრიზი რუსთავული გუნდის მოთამაშეებმა დაისაკუთრეს. საუკეთესო უკანახაზელი ლევან ცეკვავა, ხოლო ფორვარდი – ზვიად ბაბიაშვილი გახდა.
თასი “ენერჯი–ინვესტის” კაპიტან კოტე ტუღუშს მიხეილ ქორქიას
შვილიშვილმა შალვამ გადასცა
ტურნირის საუკეთესო ფორვარდი – ზვიად ბაბიაშვილი
ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი – ლევან ცეკვავა