ქუთაისელებმა ტეტელაშვილს სამმაგი დუბლი გაუხუნეს

ქუთაისელებმა ტეტელაშვილს სამმაგი დუბლი გაუხუნეს

აგრარულმა უნივერსიტეტმა მეორე ჯგუფის ორ მატჩს უმასპინძლა. „ქუთაისმა“
ზედმეტი გართულებების გარეშე „ნიკეს“ მოუგო, ხოლო „აკადემიას“ „სოხუმის“ გასატეხად
კარგა ხანი დასჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ნიკეს“ გამთამაშებელმა გიორგი ტეტელაშვილმა
სამმაგი (32 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი) დუბლი გაახერხა, მისმა გუნდმა მაინც წააგო.
პირველი მეოთხედი მართლაც კარგად ითამაშეს თბილისელებმა და დაწინაურდნენ, თუმცა
,მეორე და მესამე ათწუთეულები ჩააგდეს და თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით
ადრე უშანსოდ დარჩნენ. „ქუთაისმა“ საკმაოდ მობილიზებულად ითამაშა. ეს გუნდი
საერთოდ გამოირჩევა დისციპლინით და ამჯერადაც მოედანზე ყველა თავის საქმეს
აკეთებდა. ვახტანგ ცაგარეიშვილი, ავთო ლომინაშვილი და გიორგი ცირეკიძე ფარზე
მუშაობდნენ, ქულებს კი ძირითადად იმერელთა ბომბარდირი ლევან გრძელიძე აგროვებდა და
ზვიად ცერცვაძის გუნდს არც კი გასჭირვებია საკმაოდ დიდი ამბიციის მქონე „ნიკეს“
დამარცხება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ქუთაისელები ორი მთავარი მეფარის გარეშე
თამაშობდნენ – ნოდარ მესხი და დიმიტრი დვალიშვილი ტრავმირებულებიუ არიან, თუმცა
მალე დაუბრუნდებიან გუნდს.

მეორე მატჩი უფრო დაძაბული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო
ანგარიში (105:80) „აკადემიის“ იოლ გამარჯვებაზე მიუთითებს, შეხვედრა საკმაოდ
დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ანგარიში
თანაბარი იყო – 69:69, თუმცა დარჩენილ დროში სოხუმელებს აღარაფერი გამოუვიდათ,
აკადემიელებმა კი, რომ იტყვიან, ყველაფერი ჩააგდეს და წინა ტურში ქუთაისში
დამარცხების შემდეგ ამ გამარჯვებით ხასიათი გამოიკეთეს.

„აკადემიაში“ ლევან ელიაძისა და ბექა ჭიჭვეიშვილის კარგი თამაშია
გამოსარჩევი. ამ ბიჭებს შედარებით სხვა თანაგუნდელებზე შედარებით მეტი გამოცდილება
აქვთ, ორივე მათგანი სუპერლიგაშიც არიან და სოხუმელთაგან მათი შემჩერებელი ვერ
გამოინახა.