დღეს აგრარულ უნივერსიტეტში 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა, რომლებიც „ქუთაისს“
დაემატნენ და ფინალში გასასვლელად მებრძოლი ორივე წყვილი ცნობილია: „ქუთაისი“ – ნაკრები,
„აკადემია“ – „სოხუმი“.
თანმიმდევრობით მივყვეთ. გუშინ, 17 აპრილს ქუთაისში პირველი
ნახევარფინალისტი გამოვლინდა. იმერლებმა „რუსთავს“ 81:78 მოუგეს და მომდევნო
ეტაპზე გავიდნენ. თამაში, როგორც ანგარიშიდან ჩანს, დაძაბული გამოვიდა. რუსთაველთა
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ პირველი მეოთხედის 12:30 წაგების მიუხედავად მოგების
შანსი ქონდათ. დავით მაისურაძის, ირაკლი მესხისა და ლევან დოლიაშვილის ძალისხმევით
ქვემოქართლელებმა ბოლო მეოთხედში მასპინძლების წამოწევა შესძლეს. თუმცა გადამწყვეტ
მომენტში ვეღარ იყოჩაღეს და ქუთაისელები ნახევარფინალში გავიდნენ.
მასპინძლეთაგან 25 ქულით ლევან გრძელიძე გამოირჩა, ხოლო გოგა
ტყაბლაძემ და ნოდარ მესხმა 17–17 ქულა დააგროვეს.
ქუთაისელები ნახევარფინალში 16–წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან. გია
კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა დღეს „ჰიუნდაის“ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.
თავიდან ნაკრები იგებდა 10 ქულით, შემდეგ ჰიუნდაელებმა მოიპოვეს ანალოგიური
უპირატესობა, თუმც ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ირაკლი მიქელაძის, ლერი
კვანტალიანისა და ნიკა რამიშვილის ჩინებული თამაშის წყალობით 16–წლამდელებმა ბოლო
მომენტში გამოჰგლიჯეს გამარჯვება „ჰიუნდაის“. მოგებულთაგან გამოსარჩევია მიქელაძის
32 ქულა, ასევე ნიკა რამიშვილის მიერ ჩაჭრილი 9 ბურთი.
მეორე ნახევარფინალური წყვილი „აკადემია“ – „სოხუმია“. პირველმა დღეს „დინამოს“
მოუგო, ხოლო სოხუმელებმა, რომლებმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე–4 ადგილი დაიკავეს,
პირველ ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ „მართვეს“ სძლიეს.
ორივე თამაში დაძაბული იყო, თუმცა საბოლოოდ „აკადემიამ“ და „სოხუმმა“
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
აკადემიელთაგან გამოირჩა მერაბ ბოქოლიშვილი, რომელმაც დინამოელებს 35
ქულა ჩაუგდო. ირაკლი ალხანაიძის 29 ქულა და 17 მოხსნა კი დინამოელებს არ ეყოთ.