გუშინ თბილისსა და გორში დაწყებული სუპერლიგის მე-8 ტური დღეს ბათუმში გაგრძელდა. აჭარის დედაქალაქში სათამაშოდ მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი 2010” ჩავიდა, რომელიც “ბათუმი 2010”-ს დაუპირისპირდა და უხვქულიან მატჩში 106:99 (სტატისტიკა) დაამარცხა.
შეხვედრა ბათუმელთა საოცარი შედეგიანობით დაიწყო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მასპინძლებმა ათწუთეული 35:17 მოიგეს, რის შემდეგაც ქუთაისელებმა თამაშის გამოსწორება დაიწყეს და ეს ნელ-ნელა, პერმანენტულად მოახერხეს. მეორე პერიოდი სტუმრებს დარჩათ, თუმცა 18-ქულიან ჩამორჩენას მხოლოდ 2 ქულა ჩამოაკლეს.
გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც “ქუთაისმა” 29:17 მოიგო და მასპინძლებს 4 ქულით მიუახლოვდა. ბოლო პერიოდში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ბათუმელები ყველა კომპონენტში დაჯაბნა და 35:24 მოგების შემდეგ საბოლოოდ დაგეგმილი, თუმცა რთული გამარჯვება მოიპოვეს. ბოლო პერიოდში ბათუმელები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ. ბუბა ბერიშვილმა მსაჯთან ვერბალური კონფრონტაციის გამო 2 ტექნიკური და შესაბამისად, დისკვალიფიკაცია მიიღო.
ქუთაისელთა რიგებში 26 ქულით, 14 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. 22 ქულა მიითვალა მარქილ სმიტმა, ელაია ჯოინერის ანგარიშზე 17 ქულა და 5 პასი დაგროვდა. ბათუმში 29 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 18 ქულა დავით ლომიძემ დააგროვა, ხოლო 10 ქულა კოდი ბეარმა მიითვალა.
სუპერლიგის მე-8 ტური ხვალ, ზესტაფონში დასრულდება, სადაც სათამაშოდ კსუ ჩავა.