რამაზ გოგობერიშვილის საბენეფისო მატჩი რუსთავში ხვალ გაიმართება

ხვალ, 4 დეკემბერს, 5 საათზე, რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზში გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშის, ნაკრების ყოფილი წევრის, რამაზ გოგობერიშვილის კალათბურთიდან გაცილების საბენეფისო მატჩი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოქმედი კალათბურთელები, ისე ვეტერანი, რამაზ გოგობერიშვილის ძველი თანაგუნდელები და ოპონენტები. ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან რუსთავული “აზოტისა” და დანარჩენი კლუბების ნაკრები გუნდები.
 
რუსთავის “აზოტი”
 მიშა ბერუაშვილი, ზაზა გაბისონია, ლევან ცეკვავა, მიშა ჭოჭუა, დათო არწივიძე, ლაშა გამყრელიძე, კოტე ტუღუში, დავით უგრეხელიძე, ჟოლივეტ ტუჯანი, რეზო დიდია, ბესო ლეჟავა, ზვიად ბაბიაშვილი, რამაზ გოგობერიშვილი, ანატოლი ბოისა, გეგი ლიპარტელიანი, ოთარ ფაიქრიძე
მწვრთნელები: ოთარ ხმელიძე, ალიკა უთალიშვილი, დავით უსტიაშვილი
 
მეგობრების გუნდი
შიო ხეცურიანი, ლუკა შანიძე, გიორგი მარკოიშვილი, ვატო ნაცვლიშვილი, ბექა წივწივაძე, გიორგი გაგნიძე, ირაკლი კეიდია, ლევან მიქაბერიძე, ლაშა არველაძე, ალეკო დავითულიანი, ამროსი ორმოცაძე, კახა შენგელია, ვახტანგ მინაშვილი
მწვრთნელები: ნუგზარ ჭეიშვილი, ზურა ტომარაძე, ლევან მოსეშვილი
 

გოგობერიშვილი ჩემპიონობის ნიშნად კალათს ბადეს აჭრის
 
ამ მოვლენასთან დაკავშირებით, გუშინ “სპორტკაფეში” პრესკონფერენცია გაიმართა. მას მთავარ გმირთან ერთად ესწრებოდა ხვალინდელი მატჩის მონაწილე გუნდების რამდენიმე წარმომადგენელირამაზ გოგობერიშვილი:- კარგი იქნებოდა ეს თამაში ზაფხულში ჩატარებულიყო და მასში საქართველოს ნაკრების წევრებსაც მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ არც ხვალინდელი სანახაობა უნდა გამოვიდეს ურიგო. თამაში იმ კალათბურთელებს შევთავაზე, რომელთა შესაჩერებლად წლების განმავლობაში ბევრი ოფლი მაქვს დაღვრილი. თუმცა, მოედნის მიღმა ყველა ჩემი მეგობარია.- ვფიქრობ, საინტერესო სანახაობა უნდა გამოვიდეს. მატჩამდე შედგება ახალი კლიპის პრემიერა. მას ანსამბლი “რეგიონი” შეასრულებს. შესვენებებისას დრო დაეთმობა მუსიკასა და ცეკვებს. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მატჩის ორგანიზებაში დიდი დახმარება გაგვიწია ქალაქ რუსთავის მერიამ, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, “ენერჯი ინვესტის” ხელმძღვანელობამ და კალათბურთის ფედერაციამ.- მიხარია, რომ ჩემი თამაშით ქომაგთა სიყვარული დავიმსახურე. მათ მხარდაჭერას მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. გული კი იმაზე მწყდება, რომ ჩემმა თაობამ იმას ვერ მიაღწია, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა. ამის მიზეზი 90-იან წლებში საქართველოში დატრიალებული ამბები იყო. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონტზე თამაშის შანსი მქონდა, საქართველო საბჭოეთს გამოეყო…

დღევანდელი პრესკონფერენციის დაწყებამდე
ზაზა გაბისონია:- კალათბურთიდან ბევრი ისე წავიდა, რომ მის კარიერას გვირგვინი ვერ დაედგა. არადა, ეს ყველასთვის დიდი სტიმულია. მიხარია, რომ გოგობერშვილის შემთხვევაში გაცილების მატჩის მოწყობა მოხერხდა და ჩვენც ვეცდებით მასთან ერთად ძველი დრო გავიხსენოთ. ყოველდღიურად დიღმის ბაზაზე ვვარჯიშობთ და შედხვედრას მეტ-ნაკლებად მონდომებული ვხვდები.“ენერჯის” მეორე მწვრთნელი, რამაზის ძველი თანაგუნდელი და მეგობარი მიხეილ ბერუაშვილი დაგვპირდა, რომ ხვალინდელ მატჩში ძველებური ჟინით ითამაშებს:- მაშინ, როცა სპორტში ბავშვობიდან ხარ ჩართული, ერთ დღეს, უეცრად კარიერის დასრულება რთულია. სწორედ ამიტომაა კარგი გაცილების მატჩი. კარიერის ბოლო შეხვადრაში მეგობრებთან ერთად რომ ითამაშებ, სპორტთან გამომშვიდობებაც იოლდება.სტუ-ში რამაზის თანაკლუბელმა გიორგი გაგნიძემ აღნიშნა, რომ გოგობერიშვილი ყოველთვის საიმედო პარტნიორი და ღირსეული მეტოქე იყო:- გაცილების მატჩზე დაპატიჯება ნამდვილად გამეხარდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მეწყინა, რადგან კალათბურთიდან ასეთი მოთამაშის წასვლა ყოველთვის გულდასაწყვეტია. ვეცდებით, ხვალინდელი საღამო ლამაზი გამოვიდეს. 
 
რამაზ გოგობერიშვილი(მარჯვნივ), გიორგი გაგნიძე(შუაში) და ზვიად მიქაძე
 

 
რამაზ გოგობერიშვილის საკლუბო კარიერა:
– 16 წლისა ჩაირიცხა თბილისის “დინამოს” დუბლებში, ხოლო 17 წლისამ “დინამოს” ძირითად გუნდში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩებში მიიღო მონაწილეობა.
– დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში სამ კლუბში უთამაშია: რუსთავის “აზოტში” (მოგვიანებით “ენერჯი–ინვესტი”), ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდსა და თბილისის “დინამოში”.
– 90–იანი წლების შუაწელში თამაშობდა საბერძნეთის “პაოკსა” და “მენტში”, ასევე გამოდიოდა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ “ავეიროში”
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
სანაკრებო კარიერა:
1998–2002 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.
უთამაშია საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებში
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
მიღწევები:
საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ორგზის თასისა და ორგზის სუპერთასის მფლობელი. დუდუ დადიანისა და ქორქია–საკანდელიძის მემორიალის მრავალგზის გამარჯვებული