რიჩარდ სტოკსმა სემინარები მსაჯებზე დაკვირვებით დაასრულა

რიჩარდ სტოკსმა სემინარები მსაჯებზე დაკვირვებით დაასრულა

ფიბა-ევროპასა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული სამდღიანი სემინარი დღეს სპორტის სასახლეში დასრულდა. ფიბა-ევროპის მსაჯთა და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორმა ქართველ მსაჯებს, კომისრებს, მსაჯ-მდივნებსა და მწვრთნელებს მაღალკვალიფიციური სემინარები ჩაუტარა.
 
სასტუმრო „რედისონში“ გამართული ორდღიანი სემინარის შემდეგ რიჩარდ სტოკსი სუპერლიგის დღევანდელი ტურის ოთხივე მატჩს დაესწრო და ქართველი მსაჯების საქმიანობას დააკვირდა. თითოეული მატჩის შემდეგ სტოკსი მსაჯებს ესაუბრებოდა, გაწეულ საქმაინობას უფასებდა და შეცდომებზე უთითებდა. სტოკსი მსაჯებს თავის „ლეპტოპში“ უჩვენებდა იმ ცოტა ხნის წინ დასრულებული მატჩის კადრებს და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევდა.
 
არ უმსაჯიათ, თუმცა დიდი ინტერესით მოისმინეს სტოკსის ინსტრუქტაჟი თბილისში სპეციალურად სემინარებისთვის ჩამოსულმა აზერბაიჯანელმა არბიტრებმა. დღევანდელ 4 სუპერლიგის მატჩში შვიდმა არბიტრმა იმსაჯა – მაკა კუპატაძემ, დავით ბერეკაშვილმა, ზაზა მაჩალაძემ, ირაკლი ბერიშვილმა, დავით ბერიშვილმა, გურამ მიქელაძემ და მიხეილ ვართანოვმა.
 
რიჩარდ სტოკსმა მსაჯებთან ჩატარებული ინსტრუქტაჟის შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
 „საქართველოში საკმაოდ საინტერესო მსაჯები არიან. პროცენტულად საერთაშორისო კატეგორიის არბიტრების რაოდენობა დიდია, მაგრამ მთლიანობაში, მსაჯთა კორპუსი საქართველოში საკმაოდ პატარაა. მსაჯები მოწადინებულები არიან, რომ თავიანთი საქმიანობა დახვეწონ და ასეთი მიდგომა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. დღევანდელ მატჩებში იყო შეცდომები, მაგრამ არა ისეთი, რომ მათზე ყურადღების დიდად გამახვილება ღირდეს. მთავარია, რომ მსაჯები საკუთარ თავზე მუშაობენ. თბილისში ჩატარებულ სემინარებს დადებითად შევაფასებ“.
 

რიჩარდ სტოკსი და აზერბაიჯანლი მსაჯები