გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკმა” ესტონეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ტალინის “კალევთან” მეორე შეხვედრა ოვერტაიმში 74:84 წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა.
ტარტუში გამართულ შეხვედრა 3000 ქომაგი დაესწრო და დრამატულ მატჩში საყვარელი გუნდის მარცხი იხილა, რომელიც მასპინძლებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
საქმე იმაშია, რომ “როკმა” პირველ მეოთხედში 21:12 იმარჯვა, დიდ შესვენებაზე კი საერთოდაც 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა, რითაც საქმე მოთავებულად ჩათვალა და მწარედაც დაისაჯა.
მე-3 მეოთხედიდან მოყოლებული ტალინელებმა ჩამორჩენის მეთოდურად შემცირება დაიწყეს და იმდენი მოახერხეს, რომ ძირითადი დროის ამოწურვისას ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (70:70) ენთო.
მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ ტარტუელები შოკში ჩააგდო და ოვერტაიმში მათ მხოლოდ 4 (!) ქულა მიითვალეს, “კალევ-კრამომ” კი აქტივს 14 ქულა შემატა და 84:74 იმარჯვა, რითაც სერიაში ანგარიში 1:1 გახადა.
ქართველ კალათბურთელთაგან “როკის” სასტარტო ხუთეულში ცინცაძემ ითამაშა და ნუგეშად ის თუ დარჩება, რომ მასპინძელთა რიგებში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
გიორგიმ 37 წუთში 7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას 4 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა.
მოედანზე 22 წუთი დაჰყო ვიქტორ სანიკიძემ, რომლის მონაგარიც 6 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა 6-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, 2 სამქულიანი კი ააცილა.
ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება, მომდევნო 2 მატჩი კი 21 და 25 მაისს ტალინში შედგება.
უტევს ვიქტორ სანიკიძე