“როკის” პირველი მარცხი და ქართველების 38 ქულა

ესტონეთის ჩემპიონატში პირველი მარცხიიწვნია გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “როკმა”, თანაც საკუთარ მოედანზე. ზედიზედ თექვსმეტი მოგების შემდეგ, ტარტუელთა წარმატებული სერია გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე მყოფმა “კალევმა” შეწყვიტა, რომელმაც 83:80 დაამარცხა ტარტუს გუნდი.
ჩინებულად ითამაშეს ქართველმა კალათბურთელებმა. ტრადიციულად, მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო გიორგი ცინცაძემ. მოედანზე გატარებულ 36.16 წუთში მან 17 ქულა (12-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და ერთი ჩაჭრა გააკეთა.
ასევე სასტარტოში იყო და ცენტრის პოზიციაზე გაისარჯა ვიქტორ სანიკიძე. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 31.43 წუთი დაჰყო, თუმცა ვიკას ეს დროც სავსებით ეყო იმისთვის, რომ მატჩის მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი ქულა და მოხსნა მიეთვალა. სანიკიძის 10 ორქულიანიდან 7-მა მიზანს უწია, პერიმეტრიდან 4-ჯერ გაისროლა და აქედან შედეგიანი მხოლოდ ერთი გამოუვიდა, რასაც 4 ზუსტი (5-დან) საჯარიმო დაურთო და ჯამში 21 ქულა მოუგროვდა. ამის გარდა, მან 9 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი გააკეთა.
“როკისთვის” ეს პირველი მარცხი იყო ესტონეთის ჩემპიონატში, თუმცა ტარუელებს 16 მოგება აქვთ და კვლავ სათავეში უდგანან გათამაშების ცხრილს. უახლოესი მდევარ “კალევს” კი 14 გამარჯვება მოუპოვებია (ასევე 17 მატჩში) და მეორე ადგილზეა. დანარჩენი გუნდები კი, ლიდერებს გვარიანად ჩამორჩებიან.
 

ვიქტორ სანიკიძე ტალინელთა გარემოცვაში