“როკმა” ბალტიის ლიგის ნახევარფინალი სათუო გაიხადა

გვარიანი იმედგაცრუება იწვნია ესტონურმა „როკმა“ და მისმა ქართველმა ლეგიონერებმა. ტარტუს გუნდი ბალტიის ლიგის მეოთხდფინალური სერიის მეორე მატჩს მასპინძლობდა და თანამემამულე „კალევის“ დამარცხების შემთხვევაში ნახევარფინალში გადიოდა. „როკს“ სერიის პირველი შეხვედრა ტალინში ჰქონდა მოგებული და სავარაუდო იყო, რომ სახლშიც იმარჯვებდა, მაგრამ უშანსოდ დამარცხდა – 56:84.
ისევე როგორც სხვა „როკერებმა“, ვერც ცინცაძემ და სანიკიძემ ითამაშეს კარგად. გიორგი ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ეს იყო პირველი შემთხვევა ამ სეზონში, რომ ცინცაძემ მოედანი უპასოდ დატოვა, თანაც ბურთი ხუთჯერ დაკარგა.
სანიკიძეს ცოტა არა უშავდა. ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე 15 წუთი გაატარა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 4 აპრილს ტალინში გაიმართება და გამარჯვებული ბალტიის ლიგის ნახევარფინალსი გავა.
 

გიორგი ცინცაძემ (მარჯვნივ) ბურთი კარგად ვერ მოიხელთა