მიმდინარე სუპერლიგაში მიჯრით მოპოვებული 20 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია ქვემოქართლურმა „ენერჯი–ინვესტმა“. რუსთაველებს მოგებათა სასიამოვნო ტრადიცია „ავიამშენთან“, ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში დაერღვათ.
ქვემოქართლელებმა სერიის საწყისი 2 მატჩი რუსთავში მოიგეს და თბილისში ფინალში მშრალი ანგარიშით გასასვლელად ჩამოვიდნენ, თუმცა „ავიამშენმა“ დღეს სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ლევამ მოსეშვილის გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. რომ წაეგო, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ეთიშებოდა – არადა, რაც ეს გუნდი ამ სახელით არსებობს (2004 წლიდან), ფინალის მიღმა არასდროს დარჩენილა.„ავიატორებმა“ თავიდანვე დაანახვეს რუსთაველებს, რომ არაფერს დათმობდნენ იოლად. მოსეშვილის გუნდს პირველი ქულები კაპიტანმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა შესძინა და მერეც ძირითადად ის გახლდათ ბრძოლის ეპიცენტრში. ნაცვლიშვილმა „ავიატორებს“ ფარი ხომ მოაგებინა და ქულებსაც ბლომად იხვეჭდა. ქვემოქართლელებსაც ჰყავდათ წინამძღოლი – გიორგი გამყრელიძე, რომელმაც რუსთაველების მიერ მოხვეჭილი ქულების ლამის ნახევარი მოაგროვა. მაგრამ სხვაობა ის იყო, რომ გამყრელიძეს მხარს ვერ უბავდნენ თანაგუნდელები, ხოლო ნაცვლიშვილს გვერდში არაერთი თანამებრძოლი ედგა და „ავიამშენმაც“ თავიდანვე რომ მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, ლიდერობა თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმია.თბილისელების ლიდერობა მუდმივად შეადგენდა 10–14 ქულას. რუსთაველები უსაშველოდაც არ რჩებოდნენ უკან, თუმცა მეტოქესთან ახლოც ვერ მიდიოდნენ. ერთხელ დაიძაბა ვითარება, როცა რუსთაველებმა საფინალო სირენამდე სამიოდ წუთით ადრე 5 ქულამდე შეამცირეს სხვაობა, თუმცა „ავიატორები“ კვლავ გამოცდილმა ნაცვლიშვილმა გადაარჩინა, რომელმაც 2 საკვანძო ბურთი ჩააგდო და თავისი გუნდი მეტოქესგან მიუწვდომელი გახადა.მეორე ნახევარფინალურ წყვილში უფრო დაძაბული თამაში გაჩაღდა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა ბოლო წუთებზე მეტი სიზუსტე და სიფრთხილე გამოიჩინა, რის შედეგადაც მოახერხა გამარჯვების მოპოვება და სერიაში 2:1 დაწინაურდა.სტუდენტებმა სუსტად დაიწყეს თამაში, რასაც მათი ერთ–ერთი ლიდერის – გიორგი მარკოიშვილის ტექნიკური ჯარიმები დაერთო, რომელმაც მსაჯთან კამათის გამო ზედიზედ ორჯერ მიიღო გაფრთხილება. აგრარელებმა 4 საჯარიმო ესროლეს, ბურთიც მათ დარჩათ და ლიდერობა ათ ქულამდე გაზარდეს.ამის შემდეგ თსუ–მ მოიწადინა და დიდებულად ჩატარებული მეორე მეოთხედიშ შემდეგ, რომელიც 26:8 მოიგო, 12 ქულით დაწინაურდა.მესამე მეოთხედში აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა მოახერხა თამაშის ძველებურ კალაპოტში ჩაყენება და გადამწყვეტი ათწუთეული ახალი დაწყებული იყო, ანგარიში რომ გაათანაბრა. თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა და კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა. თსუ–ს კალათბურთელებმა რამდენჯერმე მიყოლებით დაკარგეს ბურთი, რაც აგრარელებმა კარგად გამოიყენეს და სწრაფი კონტრშეტევებით გამარჯვების მომტანი ქულები შეიმატეს.მორივე ნახევარფინალური სერიის მომდევნო მატჩები ხვალ, 3 მაისს გაიმართება.