რუსთავულმა „ენერჯი–ინვესტმა“ დღეს საკუთარ ქალაქში ბეწვის ხიდზე გაიარა სუპერლიგის დებიუტანტ ნტდ–სთან. ნუგზარ კანდელაკის გუნდი ბოლო მეოთხედამდე უგებდა გათამაშების ლიდერს, თუმც ბოლოში წაიფორხილა და…
ნტდ–მ თავიდანვე საკუთარი თამაში მოახვია რუსთაველებს. თბილისელები ფარქვეშა პოზიციურ ბრძოლას შორ და რაც მთავარია ზუსტ სროლებს უთავსებდნენ და თავიდანვე დაწინაურდნენ. მწყობრი დაცვით კანდელაკის გუნდი ხელს უშლიდა რუსთაველებს სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებაში, თუმც ლაშა გამყრელიძე მაინც შეუჩერებელი იყო. მასპინძელთა ვერცხლისწყალივით სწრაფმა გამთამაშებელმა პირველ მეოთხედში 12 ქულა მიითვალა, აქედან ბოლო სამი ქულა სირენის თანხლებით, საკუთარი მოედნიდან მოინადირა – ასე შორი მანძილიდან ბურთები ხომ სეზონში ერთი–ორჯერ ვარდება ხოლმე.„ენერჯი–ინვესტს“ სწრაფი თამაში რომ არ გამოუვიდა, შორ სროლებზე გადავიდა, თუმც ამ საქმეში მთლად არ გაუმართლა. რევაზ დიდიამ და გამყრელიძემ კი ჩააგდეს რამდენიმე სამიანი, მაგრამ ახლა ნტდ–მ წამოიწყო სწრაფი შეტევები და დავით ბარბაქაძის გარღვევების შემდეგ, მესამე მეოთხედში მეტოქეს წამოწეული „ენერჯი“ კვლავ ჩამორჩა – 51:59.აქ თავი ისევ გამყრელიძემ ისახელა, რომელმაც ზედიზედ 5 ქულა მიითვალა, ხოლო ნტდ–ს მსროლელი ანარ სარიევი მოედნიდან გავარდა, ტანმაღალმა სერგო ათუაშვილმა კი მეოთხე პერსონალური მიიღო.ათუაშვილი ჩინებულად ირჯებოდა და მისი მოედნიდან გასვლა უარყოფითად აისახა თბილისელთა თამაშზე. ნტდ ინერციით ინარჩუნებდა ლიდერობას, რუსთაველები კი დაწოლას აძლიერებდნენ და გადამწყვეტი მეოთხედის შუაწელში კვანძი გაიხსნა. კანდელაკის გუნდი 76:71 იგებდა, თუმცა შეცდომებს უხშირა და ჯერ მიხეილ ჭოჭუასგან მიიღო სამქულიანი, შემდეგ კი ჟოლივეტ ტუჯანმაც სამი ქულა მიითვალა და … 77:76 მასპინძელთა სასარგებლოდ.ამასობაში ათუაშვილმა მეხუთე პერსონალური მიიღო, მას მალევე გაყვა უკან პლასიდე როდუმტა და მთელი დატვირთვა ნტდ–ს უკანახაზელებზე გადავიდა, რომლებმაც ბოლო წუთებზე ვერ გაამართლეს. ნიფთალიევმა და ფაშაევმა არაერთი ბურთი დაკარგეს და ააცილეს, რითაც რუსთაველებმა ისარგებლეს და საბოლოოდ გამარჯვებას დაეპატრონნენ.მე–15 ტურის მეორე მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა. „სასოფლომ“ ზედმეტი გართულებების გარეშე მოუგო ზღვისპირელებს და ცხრილში ნტდ–ს გაუთანაბრდა.