რუსთაველებმა ევროსეზონი დაასრულეს

რუსთავის “ენერჯი–ინვესტმა” ევროჩელენჯის თასზე გამოსვლა დაასრულა. პირველი მატჩის თბილისში 29 ქულით წაგების შემდეგ ალბათ არავის ჰქონდა იმედი, რომ ქვემოქართლელები ამ ევროპურნირში თამაშს გააგრძელებდნენ, თუმც ეს დღეს ოფიციალურად გაფორმდა. რუსთაველებმა სუმში ადგილობრივ “სუმიხიმპრომთან” 79:90 წააგეს და მათთვის ევროსეზონიც აქ დასრულდა.
 

 
პირველი მატჩისგან განსხვავებით უკრაინულ გუნდს თავი არ მოუკლავს, რუსთაველებს მეტი გასაქანი მისცა და ეს გასაგებიც იყო. 29 ქულით მოგებული მატჩის შემდეგ აბა, რომელი გუნდი დაიდგამს წელებზე ფეხს. სუმელები უკვე მომავალ მეტოქეზე ფიქრობდნენ და დღევანდელ მატჩში ზედმეტ დატვირთვას მოერიდნენ.
პირველი მატჩის დარად, ახლას საუკეთესო იყო სერბი ბოიან ვუკადინოვიჩი, ამერიკელ  პოლ მაკფერსონმა კი თამაში 7 ქულით დაასრულა, ხოლო სერბ ნიკოლა რადოიჩიჩს 10 ქულა დაუგროვდა.
რუსთაველებმა პირევლი ტაიმი 39:38 მოიგეს, მაგრამ მესამე მეოთხედში ვეღარ გაუძლეს მასპინძლების მიძალებას და საბოლოოდ 11 ქულით დამარცხდნენ. რუსთაველები ხუთშაბათს დაბრუნდებიან საქართველოში, თუმცა იმ სამი ლეგიონერის გარეშე(მაკფერსონი, ვუკადინოვიჩი, რადოიჩიჩი), რომლებიც ევროტურნირის დაწყების წინ შეიმატეს.