რუსთავი ისევ სუპერლიგის თავშია

რუსთავი ისევ სუპერლიგის თავშია

მიუხედავად იმისა, რომ „ენერჯი–ინვესტს“ გუნდის ლიდერი კოტე ტუღუში
აკლდა, სუპერლიგის ცხრილის მოთავემ მაინც მოახერხა თბილისსში შინაგან საქმეთა სამინისტროს
გუნდის დამარცხება და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

დანაკლისზე თუ მიდგა საქმე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ძალოვნებს“
მთავარი მწვრთნელი, კახა შენგელია აკლდათ.  შენგელია თავისი ინიციატივით წავიდა და გუნდს
აღარ დაუბრუნდება. შსს–ს ჯერჯერობით მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს – გუნდს მწვრთნელთა
გუნდი უძღვება, რომელშიც მოთამაშე დავით ბერიშვილიც შედის. ბერიშვილმა ტურის
ცენტრალურ მატჩში რუსთაველებს 9–დან 9 საჯარიმო ჩაუგდო, მაგრამ ამით შსს–მ ხეირი
ვერ ნახა, რადგან სხვა კომპონენტებში ჩამოუვარდებოდა მეტოქეს.

შსს–მ ეს მატჩი ჩავარდნა–გამონათებებით ითამაშა. „ძალოვნები“ მატჩის
დასაწყისში ირჯებოდნენ კარგად და ბოლოში მოუმატეს, როცა უკვე 10 ქულაზე მეტით
აგებდნენ. ხოლო რუსთაველებმა მთელი შეხვედრა სტაბილურად, ჩავარდნის გარეშე
ჩაატარეს. ისინი დაცვაშიც მედგრად იდგნენ და შეტევაზეც დალაგებულად გადადიოდნენ.

თუმცა გამოსარჩევი მაინც ზვიად ბაბიაშვილია, რომელმაც 29 ქულა
დააგროვა და პირადი საამსეზონო რეკორდი (26 ქულა მერანთან) 3 ქულით გააუმჯობესა.
ამასთან, ბაბიაშვილმა ბასრი მიზანი გამოავლინა და 11 ცდიდან 9 ორქულიანი ჩააგდო.

შსს–ს ჰქონდა შანსი ბოლო წუთებზე, როცა მეტოქეს 5 ქულით მიუახლოვდა,
მაგრამ რუსთაველებმა 2 შეტევა წარმატებით დააგვირგვინეს და საკუთარი გამარჯვება
ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.

„ენერჯი–ინვესტი“  სუპერლიგის
ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება, მას კუდში თითო წაგების მქონე თსუ და აგრარული
უნივერსიტეტის გუნდები მისდევენ.

ამ უკანასკნელმა მე–7 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „ავიამშენთან“.
აგრარულ უნივერსიტეტში ერთგვარი როქი გაკეთდა – რევაზ ათანელიშვილი ლიტვურ “პალანგაში” წავიდა
გასასინჯად, ხოლო ამერიკიდან დროებით ჩამოსული რიჩარდ მათიაშვილი აგრარელებს
ეხმარება. მათიაშვილი „ტაილერის“ კოლეჯში სწავლობს და სტუდენტურ ჩემპიონატში
თამაშობს, თბილისში კი საშობაახალწლო არდადეგებზეა ჩამოსული და 3  მატჩი აგრარულ უნივერსიტეტს დაეხმარება.

საინტერესო კი ისაა, რომ სეზონის დაწყების წინ რიჩარდ მათიაშვილი „ავიამშენის“
განაცხადში იყო. მერე თავად მოთამაშემ გამოიჩინა ინიციატივა და კალათბურთის ფედერაციას
ამერიკიდან მომართა: მე არ ვაპირებ „ავიამშენში“ თამაშს და გთხოვთ, ამომშალოთ
განაცხადიდანო. ჰოდა, მობრუნდა მათიაშვილი, სსაუ–ს მაისურა მოირგო და პირველივე
მატჩში „ავიამშენს“ დაუპირისპირდა.

ის საკმაოდ შედეგიანი იყო და სსაუ–მ „ავიამშენი“ რომ დაამარცხა,
მათიაშვილის დამსახურებაცაა. „ავიატორებს“ თავიდან კარგად ეჭირათ თავი – მთელი
პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისიც თითქმის სულ ლიდერობდნენ, მაგრამ მესამე
მეოთხედში მათ ცუდი რამ შეემთხვათ და წასაგებად გაიწირენ.

მესამე ათწუთეულის დასრულებამდე 3 წუთით ადრე „ავიამშენი“ 9 ქულით
უგებდა სსაუ–ს, მაგრამ მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ თავად ჩამორჩა 9 ქულით.
თანაც ამ პერიოდმა – მე–3 მეოთხედის დასასრული და მეოთხეს დასაწყისი – ისე ჩაიარა,
რომ „ავიამშენს“ ქულა არ ჩაუგდია. ანუ 0:18 წააგო და საბოლოოდ წელში გატყდა. ამის
მთავარი შემოქმედები აგრარელების მოთამაშეები – 4 სამქულიანის ჩამგდები გიგი
ბარბაქაზე, ბომბარდირი ტატო ჩაჩიბაია და მათი პასებით მომმარაგებელი ბექა
წივწივაძე გახლდნენ.

ტურის დანარჩენ მატჩებში რეკორდები გამოცხვა. 152:72 – ასე გაანადგურა
თსუ–მ „ჭიათურა“. ამ შედეგში ისაა სარეკორდო, რომ ამდენი ქულა ამ სეზონში არც ერთ
გუნდს არ ჩაუგდია. არც ამხელა სხვაობა (80) დაფიქსირებულა და მთლიანობაში ორივე
გუნდის მიერ ჩაგდებული ქულებიც სარეკორდოა ამ სეზონში.

თსუ–ში ერთბაშად 4 მოთამაშე ასცდა 20–ქულიან ზღვარს, რომელთაგან დავით
ბარბაქაძემ შთამბეჭდავი სტატისტიკა გაიფორმა – 29 ქულა, 13 მოხსნა და 5 ჩაჭრა.
თანაც ამ ყველაფერს მხოლოდ 26 წუთი დააჭირვა და ბურთი არ დაუკარგავს.

რაც შეეხება „დინამოსა“ და „სოხუმის“ დაპირისპირებას, ეს გახლდათ
აუტსაიდერთა ჯახი, რომელშიც გამარჯვებული ვაჟა კვარაცხელიას გუნდი გამოვიდა.
პირველი მეოთხედი იყო ძალიან შეუხედავი, რადგან ვერც ერთმა გუნდმა 10 ქულამდე
მიღწევაც კი ვერ შეძლო. იყო დიდი ტექნიკური წუნი, რომელიც აუარება აცილებულ და
დაკარგულ ბურთებში გამოისახა. 7:5 – ასე მოიგო „სოხუმმა“ საწყისი 10–წუთეული და
ასეთი შემთხვევა, რომ მეოთხედში ვერც ერთ გუნდს ვერ მიეღწიოს ათქულიან ზღვრამდე,
საქართველოს ჩემპიონატში, რაც სრული სტატისტიკა ითვლება, არ მომხდარა.  საბოლოოდ კი კვარაცხელიას გუნდმა 68:61 იმარჯვა.

სოხუმელთა მოგება ძირითადად შედეგიანმა ფარქვეშა თამაშმა განაპირობა,
სადაც ბადალი არ ჰყავდა ირაკლი კობიძეს, რომელმაც საბოლოოდ 18 ქულა შესძინა
მოგებულებს.