საკალათბურთო სამყარომ ბესიკ ლიპარტელიანს კვლავ ნდობა გამოუცხადა

საკალათბურთო სამყარომ ბესიკ ლიპარტელიანს კვლავ ნდობა გამოუცხადა

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის შენობის სააქტო დარბაზში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელზეც მოისმინეს ფედერაციის მიერ განვლილი 4 წლის მანძილზე გაწეული სამუშაო, რის შემდეგაც საკალათბურთო სამყარომ პრეზიდენტი აირჩია.
კანდიდატი ერთი იყო – მოქმედი პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი. ფედერაციაში პრეზიდენტობის მსურველთა კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 1 ნოემბერს ისე ამოიწურა, რომ მსურველი არ გამოჩნდა.
 

მერაბ რატიშვილი
 
ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო საკალათბურთო სამყაროს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მერაბ რატიშვილმა გააცნო:
 
“ შეიქმნა სუპერლიგა, რომლის მატჩების ტრანსლაცია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით მიმდინარეობს. მატჩებს ემსახურება თანამედროვე ტექნიკა და ხდება სტატისტიკის აღრიცხვა, რომელიც განთავსებულია ჩვენ ვებგვერდებზე. მინდა გითხრათ, რომ კალათბურთის ფედერაციას აქვს ხუთი ვებგვერდი და კალათბურთელებს საშუალება ეძლევათ შევიდნენ და ნახონ თავიანთი მონაგარი.
 
ვატარებთ ასაკობრივ ჩემპიონატებს. აგრეთვე ქალთა პირველობებს. ყოველ წელს იმართება საქართველოს თასის გათამაშება და დუდუ დადიანის, ზურაბ საკანდელიძის და ოთარ ქორქიას მემორიალები. ტარდება სემინარები, ჩვენი სამი მსაჯი ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე და დავით ბერეკაშვილი კი „ფიბას“ ეგიდით გამართულ მატჩებს მსაჯობენ. ახლახანს ჩამოსული იყო  „ფიბას“ გენერალური მდივანი ნარ ზანოლინი, რომელიც დაგვპირდა რომ 2011 წელს საქართველოში ჩატარდება ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი.
 
ამისთვის საჭიროა სპორტის სასახლის გარდა, სკა-ს დარბაზის და სპორტის დეპარტამენტის დარბაზის შეკეთება. ამ საქმეში კი აქტიურ დახმარებას გვპირდება სპორტის დეპარტამენტი, რომელიც განვლილი წლების განმავლობაშიც მხარში გვიდგა და მუდამ გვეხმარებოდა“.
 
გენერალური მდივანი კიდევ არაერთ საკითხს შეეხო, რაშიც კალათბურთის ფედერაციამ წარმატებებს მიაღწია და ამის შემდეგ მოწვეულ დელეგატებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება მიეცათ. მალევე კი მოწვეულმა 58 დელეგატმა ბესიკ ლიპარტელიანს მხარი ერთხმად დაუჭირეს. სულ ხმის მიცემის უფლება 66 კაცს ჰქონდა, არჩევნებზე კი 58 დელეგატი გამოცხადდა და სრული ერთსულოვნება გამოხატა.
 

ბესიკ ლიპარტელიანი
 
სანამ პრეზიდენტის საარჩევნო კენჭისყრა გაიმართებოდა, ერთადერთმა კანდოდატმა, ბესიკ ლიპარტელიანმა ეს განცხადება გააკეთა:
„დიდი მადლობა თანადგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადმოგეცათ საარჩევნო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ გეტყვით, რომ  მას შემდეგ  რაც საქართველოს ნაკრებმა A-დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა გაცილებით მეტი ამხანაგური მატჩი უნდა ჩაატაროს,  რასაც, ცხადია გაზრდილი დაფინანსება სჭირდება და ამის თაობაზე უკვე ვესაუბრეთ სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და დაპირებაც მივიღეთ, რომ დაფინანსება გაგვეზრდება. ასევე, დიდი მხარდაჭერა გვაქვს მოედნების რეაბილიტაციის საკითხში. მოგეხსენებათ, რომ 2011 წელს ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლობა გვსურს. სახელმწიფო მხარში გვიდგას და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ საქართველოში ფიბა-ევროპის გენერალური მდივნის – ნარ ზანოლინის ვიზიტი, რომელმაც პირადად იხილა არსებული მდგომარეობა და თანადგომას გდაგვპირდა“.
ამის შემდეგ გაიმართა კენჟისყრა და ბესიკ ლიპარტელიანის კანდიდატურამ სრული მხარდაჭერა მოიპოვა. დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს ბესიკ ლიპარტელიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, რის შემდეგაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურმა ეს განცხადება გააკეთა:
 

დავით ნამგალაური
 
“ ვულოცავ ბესიკ ლიპარტელიანს გაპრეზიდენტებას. საქართველოს ნაკრების A-დივიზიონში ასვლის მერე კალათბურთის ფედერაციას უფრო მეტი შრომა მოუწევს. ჩვენ გვსურს, რომ 2011 წელს ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ და საამისოდ სახელმწიფოსგან ყველაფერი გაკეთდება. უახლოეს მომავალში იგეგმება რამდენიმე შენობის რეაბილიტაცია იმისთვის, რომ დარბაზებმა საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ. ბესიკ ლიპარტელიანს და კალათბურთის ფედერაციას წარმატებებს ვუსურვებ“.
მაშ ასე, ბესიკ ლიპარტელიანი თავის სამუშაო ჯგუფთან ერთად კიდევ 4 წელი რჩება ქართული კალათბურთის მმართველად. როგორც ბატონი ბესიკის საარჩევნო პროგრამაში წერია, მისი  ჯგუფის ძალა და ილაჯი მიმართული იქნება ეროვნული ნაკრების, ასაკობრივი ნაკრებების, შიდატურნირების სრულყოფა–განვითარებისთვის. ბესიკ ლიპარტელიანის პროგრამის მიხედვით, ასევე პრიორიტეტული იქნება შიდასაკალათბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და ვეტერან კალათბურთელებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის დაფასება.