სამედიცინოს პირველი გამარჯვება

სამედიცინოს პირველი გამარჯვება

სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა სეზონის პირველი გამარჯვება რუსთავში
იზეიმა. მედიკოსები საწყისი 3 მეოთხედი აგებდნენ, თუმცა მასპინძლები ბოლო მეოთხედში
გატეხეს.

მატჩი დაძაბული და დრამატული გამოვიდა. ბოლო წუთამდე არ იყო გარკვეული
გამარჯვებულის ვინაობა, თუმცა „სამედიცინოს“ მოთამაშეების მონდომებამ და ბოლომდე
ბრძოლამ შედეგი გამოიღო. გადამწყვეტ წუთებში სერგო იშხნელის გუნდი უფრო
მობილიზებული აღმჩნდა და „სამედიცინომ“ გამარჯვების გემო ამ სეზონში პირველად
გაიგო.

რუსთაველებმა პირველი მეოთხედი 20:15 მოიგეს. მასპინძლეთა
უკანახაზელები სწრაფად და ზუსტად მოქმედებდნენ, მათი შორი სროლები კი მიზანში
ხვდებოდა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ქაქუცა აბაიშვილის ჩუბინობა, რომელზეც რუსთაველთა
საწყისი 9 ქულიდან 8 მოდიოდა. მეორე მეოთხედში მედიკოსებიც ამოქმედნენ – ტარიელ
თავართქილაძემ, ტატო ჩაჩიბაიამ და თორნიკე ნინიაშვილმა შედეგიანი სროლები
განახორციელეს და ანგარიში მეორე მეოთხედის შუაში გათანაბრდა – 29:29.

მასპინძელთა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა წუთშესვენება აიღო და ეს
რუსთაველთათვის სასარგებლო აღმოჩნდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ 5 წუთში
ქვემოქართლელებმა 9:0 მოიგეს, რაც ჟოლივეტ ტუჯანის და გოგა ცეკვავას შედეგიანი
თამაშის შედეგი იყო. დიდ შესვენებაზე მასპინძელთა ყველაზე დიდი უპირატესობა
დაფიქსირდა – 37:29.

მესამე მეოთხედში სტუმრებმა თამაში გამოაკეთეს. ჩაჩიბაიამ მიზანი
გაისწორა, ირაკლი გულისაბედაშვილი კი ყველა ფრონტზე შედეგიანი იყო. გულისაბედაშვილმა საბოლოოდ
მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა და 11 მოხსნა. გულისაბედაშვილს
სამმაგ დუბლამდე 3 ჩაჭრა დააკლდა, თუმც თავის მხრივ მის ანგარიშზე დაგროვილი 7
ჩაჭრაც ძალიან კარგი შედეგია და სტატისტიკაში თსუ–ელი გიორგი გაფრინდაშვილის ანალოგიურ შედეგის გვერდზე მიმდინარე სეზონის რეკორდად
ჩაიწერება. მედიკოსები რუსთაველებს წამოეწიენ, თუმცა მესამე მეოთხედის
დასრულებამდე გათანაბრება ვერ მოახერხეს. ამ დროს რუსთაველთა უკანახაზელმა დავით
არწივიძემ არასპორტული ჯარიმა მიიღო, რასაც მისი აღშფოთება და აყალმაყალი მოჰყვა.
არწივიძემ ტექნიკურიც მიიღო და პროტესტის ნიშნად დარბაზი საკუთარი სურვილით
დატოვა.

ბოლო მეოთხედის წინ რუსთაველები 2 ქულით იგებდნენ, თუმცა მათი
ლიდერობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. მედიკოსების ტანმაღალმა მოთამაშეებმა ფარქვეშ
ფეხი გაიდგეს. ბექა ბექაური ბურთებს ხსნიდა, თორნიკე ნინიაშვილი კი შეუპოვრად
იბრძოდა და ქულას ქულაზე იხვეჭდა. „სამედიცინო“ ჯერ 55:52 დაწინაურდა, შემდეგ კი, გულისაბედაშვილის
შედეგიანი გარღვევის შემდეგ, საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 63:55 დაწინაურდა.
დარჩენილ დროში მასპინძლებმა ვეღარაფერი მოახერხეს. 

დღეს IV  ტურის მეორე მატჩი გაიმართა ქუთაისში, სადაც მასპინძლებმა 87:75 დაამარცხეს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი. მატჩში საუკეთესო შედეგი სტუ–ელ ბექა ჩიკვილაძეს ჰქონდა – 24 ქულა, ხოლო ქუთაისელმა ბუბა კვიმსაძემ 18 ქულა დააგროვა.

ენერჯი–სამედიცინოს სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=289

ქუთაისი–სტუ–ს სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=288