სანაძის 14 ქულა და პირველი მარცხი

სანაძის 14 ქულა და პირველი მარცხი

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” სეზონის პირველი მატჩი წააგო. სტუდენტური ლიგის 5 მოგებით დაწყების შემდეგ კალიფორნიულმა გუნდმა მარცხი განიცადა. სანდიეგოელებმა ფლორიდაში დაწყებული “გალფ ქოსთის” მინიტურნირის მატჩში ჩიკაგოს “ილინოისის უნივერსიტეტთან” 70:74 წააგეს.
შეხვედრა თანაბარი იყო და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ანგარიში ყველაზე დიდი სხვაობა მატჩის დებიუტში დაფიქსირდა, როცა ჩიკაგოელები 13:6 გალიდერდნენ. სანდიეგოელები მდევრის როლში იყვნენ და ჩამორჩნა რამდენჯერმე მინიმუმამდე შეამცირეს.
მატჩის კულმინაცია საფინალო სირენამდე 2-3 წუთით ადრე იყო, როცა სანაძემ ზედიზედ 3 საჯარიმო ჩააგდო და “სან დიეგო” “ილინოისს” 65:66 მიაახლოვა. ჩიკაგოელებმა შეძლეს სხვაობის გაზრდა და 70:65 დაწინაურდნენ, რითაც გამარჯვება გაიფორმეს.
სანაძე “ტორეროსის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა უკანახაზელმა 33 წუთი ითამაშა და ჯონი დის (19) შემდეგ 14 ქულით “ტორეროსის” მეორე მექულე გახდა. სანაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულსთან ერთად 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა.
“გალფ ქოსთის” მინიტურნირის მეორე მატჩში “ლუიზიანამ” 99:62 გაანადგურა “გრინსბრო”. “სან დიეგო” მორიგ მატჩს დღეს, 26 ნოემბერს “გრინსბოროსთან” გამართავს.