სანიკიძე და მარკოიშვილი მორიგ მეოთხედფინალურ მატჩში საუკეთესოები იყვნენ

სანიკიძე და მარკოიშვილი მორიგ მეოთხედფინალურ მატჩში საუკეთესოები იყვნენ

იტალიის უმაღლესი დივიზიონის მეოთხედინალური სერიის მატჩი ქართველების პირად დუელად გადაიქცა. წუხელ, „კანადიან სოლარსა“ და „კანტუს“ შორის სერიის მორიგი მატჩი გაიმართა და ორივე ამ გუნდში გამორჩეულები ქართველი კალათბურთელები იყვნენ. სანამ მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის მონაგარის შესახებ ვისაუბრებდეთ, აღვნიშნოთ, რომ შეხვედრა სანიკიძის „სოლარმა“ 89:78 მოიგო და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა – 1:2.
 
ორივე გუნდში საუკეთესოები ქართველები იყვნენ. სანიკიძე ბოლონიელებს ორმაგი დუბლით – 12 ქულა, 10 მოხსნა – შეეწია, მარკოიშვილმა კი კანტუელთაგან 23 ქულით ბომბარდირობა იკისრა. შედეგად, ორივე მათგანს სარგებლიანობის ყველაზე მეტი მაჩვენებელი დაუგროვდა საკუთარ გუნდში.
 
საინტერესოა, რომ ორივემ თანაბარი დროით ითამაშა. მარკოიშვილმაც და სანიკიძემაც, რომლებიც ხუთეულში იყვნენ, მოედანზე 32 წუთი გაატარეს. სანიკიძემ 2–დან 2 ორქულიანი, 3–დან 2 სამიანი და 4–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, 12 ქულა დააგროვა, რასაც 10 მოხსნა და 1 დაფარებაც მოაყოლა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
მარკოიშვილმაც ბასრი მიზანი გამოიჩინა. მან 7–დან 5 ორიანი, 6–დან 3 სამქულიანი და 6–დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მანუჩარი ძირითადად შეტევით იყო დაკავებული და სხვა მაჩვენებლები შედარებით მოკრძალებული ჰქონდა: 1 პასი და 2 მოხსნა.
 
მეოთხედფინალური შეხვედრის მორიგი, მე–4 შეხვედრაც ბოლონიაში გაიმართება და თუკი მასპინძლები ისევ იმარჯვებენ, მე–5, გადამწყვეტ მატჩს“კანტუ“ უმასპინძლებს.
 

სანიკიძემ მეტოქეებს თავბრუ დაახვია