სანიკიძე ორმაგი დუბლის ზღვარზე და გამყრელიძის 8 პასი

სანიკიძე ორმაგი დუბლის ზღვარზე და გამყრელიძის 8 პასი

ლეგიონერთა შორის ამ ტურის საუკეთესო ვიქტორ სანიკიძეა. იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში მისმა „კანადიან სოლარმა“ მე-2 გამარჯვება იზეიმა, რაშიც სანიკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის. ვიქტორს ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.
 
”აველინოსთან” საშინაო მატჩში ბოლონიელებმა 73:66 იმარჯვეს. სანიკიძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 25 წუთში 14 ქულას 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
 

სანიკიძის მორიგი ჩატენილი ბურთი
 
მოგებ–წაგებათა ანალოგიური შეფარდება აქვს მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუსაც“, თუმცა 2 მოგება და 1 წაგება იმდენ გუნდს გააჩნია, რომ ბურთების შეფარდების გათვალისწინებით კანტუელები მე–7 ადგილზე არიან. მარკოიშვილის გუნდმა გასულ ტურში საამაყო გამარჯვება მოიპოვა – რომში „ლოტომატიკას“ 78:66 სძლია. კანტუელებმა პირველივე მეოთხედში 11-ქულიანი (19:8) უპირატესობა დაიბევეს და სასურველი ანგარიში თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.
მარკოიშვილს სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად გამოჩენილა. მოედანზე გატარებულ 17 წუთში იგი 8 ქულას, 6 მოხსნას, 1 პასსა და 1 ჩაჭრას დასჯერდა. მანუჩარმა 2-2 სამქულიანი და საჯარიმო გამოიყენა, 3 ორქულიანი კი ააცილა. ქართველმა კალათბურთელმა ორი შეცდომა დაუშვა, სამჯერ დაჯარიმდა, ერთხელ კი თამაშის წესები მის წინააღმდეგ დაარღვიეს.
 
იტალიის ლეგადუეს ლიდერ ”ბარსელონას” პირველი მარცხი აგემა ”რიმინიმ”, რომლის რიგებშიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ნიკა მეტრეველი ირიცხება. ოვერტაიმში დასრულებულ მატჩში (95:91) მეტრეველმა მხოლოდ 7 წუთს ითამაშა და 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ნიკამ 2 ორქულიანიდან 1 გამოიყენა.
 
ესპანეთში კვლავ იგებს ნიკოლოზ ცქიტიშვილის ”ლაგუნ არო”, რომელმაც მე-5 ტურში მე-4 გამარჯვება (75:64) ”ვალიადოლიდთან” მოიპოვა და ”კახა ლაბორალის”, ”ხუვენტუტის”, ”რეალისა” და ”ბარსელონას” მხარდამხარ გალიდერდა.
გასულ მატჩში ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 20:56 წუთი დაჰყო და ბასკურ გუნდს 7 ქულა და 3 მოხსნა მოუტანა. ცქიტიშვილმა 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი კი მიზანს მიღმა სტყორცნა.
 

ნიკა ცქიტიშვილი დაცვაში
 
კვლავაც დამაჯერებლად ირჯება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ქუინტონ ჰოსლი, რომელმაც ამჯერად 25:22 წუთს ითამაშა და ”ვალენსიასთან” 86:83 მოგებულ შეხვედრაში ”ხუვენტუტს” 14 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ქუინტონმა 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო გამოიყენა.
 
3 მოგებითა და მარცხით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა “გრან კანარიამ”, რომლის რიგებშიც კიდევ ერთ გაქართველებული ამერიკელი ტორინ გრინი ირიცხება. ლას პალმასელებმა ”მანრესა ასინია” 69:49 დაამარცხეს, გრინი 24 წუთში 9 ქულას, 4 მოხსნას, 3 პასსა და 3 ჩაჭრას გამორჩა. ტორინმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ იუხეშეს. 
 
ადრიატიკის ლიგაში საამაყო გამარჯვებას გამორჩა გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპია“. ლიუბლიანური გუნდი „პარტიზანთან“ შინაურ მატჩში ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 11 ქულით აგებდა, თუმცა დასკვნით პერიოდში სტუმრები 30:17 გაანადგურა და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია – 75:73.
 
გიორგი შერმადინმა 15 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შეაწია. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ერთი შეცდომა დაუშვა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ბოისა ტრავმირებულია და ლიუბლიანელთა განაცხადში არ ყოფილა. ”ოლიმპიას” 5 ტურში 4 მოგება აქვს და ადრიატიკის ლიგის ლიდერ ”ჰემოფარმს” მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება.
 
8 პასით გამოირჩა გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე ლაშა (გიორგი) გამყრელიძე. მისმა გუნდმა ”გიესენმა” ”ბროზე ბასკეტსს” ბოლო მეოთხედი 25:8 მოუგო, თუმცა, მანამდე მწარედ მარცხდებოდა და აღნიშნულით, მხოლოდ ჩამორჩენის მინუმუმამდე დაყვანა შეძლო – 80:81. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:29 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.
ლაშამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. დაუმარცხებელმა ბროზელებმა ლიდერის პოზიცია შეინარჩუნეს, გიესენელებს კი 4 მოგების ფონზე 2 მარცხი მოუგროვდათ. 
 
ბელგიის უმაღლეს ლიგაში მე-2 მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას “პეპინსტერმა”, რომელის შინაურ კედლებში “ოსტენდეს” დაუხვდა და 81:89 წააგო. პეპინსტერელთა თავკაცმა ივიცა შკელინმა ქართველი კალათბურთელი 17 წუთს ათამაშა, რა დროშიც თორნიკემ 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ ორივე სამქულიანი ააცილა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა, მეტოქეები კი მასზე ორჯერ დაჯარიმდნენ. “პეპინსტერს” 1 მოგება და 2 მარცხი აქვს და 9-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზეა.