სანიკიძემ და ცინცაძემ “როკს” ბალტიის ლიგის მეოთხედფინალში მოაგებინეს

 ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ცინცაძე განაგრძობენ ესტონური „როკისთვის“ წარმატებების მოტანას. ამჯერად მათი ქებული თამაშის წყალობით “ტარტუ როკმა” ბალტიის ლიგის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში სტუმრად მოსისხლე ტალინის „კალევი“ დაამარცხა – 76:70
ორივე ქართველმა “როკის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საუკეთესოებიც იყვნენ. სანიკიძემ მოედანზე 27 წუთი დაჰყო და სტუმრებს 19 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოუტანა, რითაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.
ვიქტორმა 7-დან 6 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა.
ცინცაძემ 30 წუთს ითამაშა და “როკს” 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა, ბურთი კი სანიკიძის მსგავსად 4-ჯერ დაკარგა.
გიორგიმ 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ზუსტად სტყორცნა, 2 საჯარიმოდან კი 1 გამოიყენა.
ბალტიის საკალათბურთო ლიგის მეოთხედფინალური სერია ორ გამარჯვებამდე გრძელდება.
ქართველთა კლუბი 28 მარტს “კალევს” ტარტუში უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში, ნახევარფინალის საგზურს მიოპოვებს.
თუკი მესამე მატჩის გამართვა გახდა საჭირო, გატამწყვეტ მატჩს 1 აპრილს კვლავ ტალინი უმასპინძლებს.
ნახევარფინალში “როკსა” და “კალევს” შორის გამარჯვებულს ლიტვური “ჟალგირისი” ელის.
 

ბურთს იხელთებს ვიქტორ სანიკიძე