ვიქტორ სანიკიძემ შედეგიანი თამაშის გემო გაიხსენა. იტალიის ჩემპიონატის მე–7 ტურის ბოლო მატჩში მისმა „სიენამ“ დედაქალაქში „რომა” 81:70 დაამარცხა, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
სანიკიძემ ბოლო მატჩებთან შედარებით საკმაოდ ბევრი – 27 წუთი ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ვიქტორმა 7 ცდიდან 4 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.
„სიენამ“ პირველი მეოთხედი 25:11 მოიგო, სოლიდურ ლიდერობას დაეუფლა, რაც მატჩის ბოლომდე ისე შეინარჩუნა, რომ საფრთხე არ დამუქრებია. სიენელთა შორის საუკეთესო ბობი ბრაუნი გახლდათ, რომელმაც 32 წუთში 22 ქულა და 9 პასი მოაგროვა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო ბრაუნი (27) იყო, ვის შემდეგაც ტომას რესი (17) და სანიკიძე (13) მოდიან.
სერია „ა“–ს მე-8 ტური 18 ნოემბერს გაიმართება. მარკოიშვილის „კანტუ“ პესაროში „სკავოლინის“ ეთამაშება, ხოლო „სიენა“ „კასერტას“ უმასპინძლებს. ორივე ქართველის გუნდს 5 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და ცხრილში III-IV ადგილებს იყოფენ