სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის “კანადიან სოლარმა” “ბენეტონი” 74:61 დაამარცხა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა.
ვიქტორი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 13 მოხსნა (8 მეტოქის ფარზე), 3 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, მეტოქეებს წესების დარღვევა ერთბაშად შვიდჯერ აიძულა, თავად კი თამაშს 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დაემშვიდობა.
 ბოლონიელებმა თერთმეტ მატჩში 7 მოგება მოაგროვეს და მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მეხუთეზე კი მანუჩარ მარკოიშვილის “ბენეტ კანტუა”, რომელმაც წინა დღეს თავისი მატჩი „არმანი ჯინსს“ მოუგო

ნიკა მეტრეველის „დინამო სასარიმ“ ამ ტურში „მონტეგრანაროსთან“ 76:85 წააგო თუმცა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ახალგაზრდა ქართველმა კლუბის სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
სარდინიელთა თავკაცმა რომეო საკეტიმ “მონტეგრანაროსთან” გასვლით შეხვედრაში მეტრეველი 23 წუთს დატირთა, რა დროშიც ნიკამ 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ჩვენებურმა 3-დან 1 ორქულიანი და სამქულიანი ზუსტად სტყორცნა.
 მეტრეველის გუნდს 11 მატჩში 5 მოგება შერჩა და 17-გუნდიან ლიგაში მე-12 პოზიციაზე აღმოჩნდა.
 აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატში ახალ წლამდე კიდევ ერთი ტურის ჩატარებაა დაგეგმილი. 30 დეკემბერს “კანადიან სოლარ ბოლონია” “პეპის კასერტას” ესტუმრება, “ბენეტ კანტუ” – “ჩიმბერიო ვარეზეს”, ხოლო “ბანკო დი სარდინია სასარი” “სკავოლინი სივილია პეზაროს” უმასპინძლებს.