ვიქტორ სანიკიძის ბენეფისი სერია A-ში. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატში სამწლიანი კარიერის მანძილზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სანიკიძის „კანადიან სოლარი“ კიდევ ერთი ქართველის – ნიკა მეტრეველის „დინამო სასარის“ ხვდებოდა და 85:80 რომ დაამარცხა, პირადად სანიკიძის დამსახურებაა.
ვიქტორმა მეტოქეს 36 წუთში 27 ქულა ჩაუდრო და 16 მოხსნა განახორციელა. სანიკიძისთვის ორივე ეს შედეგი იტალიურ კარიერაში საუკეთესოა. სანიკიძის საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 42 შეადგინა, რაც მიმდინარე ტურში ჯერჯერობით საუკეთესოა და დარჩენილ ერთ მატჩში, საეჭვოა, ამაზე მეტი ვინმემ მოაგროვოს. ამის შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგი (33) „ტერამოს“ ჩერნოგორიელ ფორვარდ მილოშ ბორისოვს ჰქონდა.
სანიკიძის მონაგარი: 36წუთი,
27ქულა, 16 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი
სანიკიძემ შესაშური სიზუსტე გამოიჩინა. მის მიერ შესრულებული 9 ორქულიანიდან მიზანს რვამ მიაღწია, ხოლო 5 საჯარიმოდან ვიქტორმა ყველა ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 5 სამქულიანიდან 2 მიითვალა და მთლიანობაში 27 ქულა დააგროვა. მან 12 ბურთი მარტო საკუთარ ფარზე მოხსნა, რასაც 4 მეტოქისაზეც მოაყოლა და ჯამში მოგროვებული 16 მოხსნით მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პლუს ამას, ვიქტორს 3 ჩაჭრა და 1 პასიც ჰქონდა.
რაც შეეხება მეორე ქართველს, მეტრეველმა მხოლოდ 2 წუთს ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში ვერაფრის მოგროვება ვერ მოახერხა. „კანადიან სოლარს“ 5 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და ცხრილში მე–5 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხებათ მარკოიშვილისა და შერმადინის „კანტუს“, ამ გუნდის ლიდერ „სიენასთან“ შეხვედრა ტურის ცენტრალურადაა შერაცხული და დღეს გვიან ღამით დასრულდება.