საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იტალიის თასს მიუახლოვდა. ვიქტორ სანიკიძე ამ პრესტიჟული ტურნირის ფინალშია. მისმა „სიენამ“ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „დინამო სასარის“ მოუგო. მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ „მონტეპასკის“ გამარჯვებით – 85:78 დასრულდა.
„სიენას“ დინამოელთა ძლევა გვარიანად გაუჭირდა. პირველი ტაიმის ფრედ – 38:38 დასრულების შემდეგ სანიკიძის გუნდმა მესამე მეოთხედი 14:18 წააგო და 4 ქულით ჩამორჩა. გადამწყვეტ პერიოდში სიენელებმა მეტოქეს აჯობეს და საბოლოო გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვეს.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. მეტსაც ითამაშებდა, თუმცა საიკიძემ 5 პერსონალური მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ვიქტორმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 4 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. რაც შეეხება სიენელთა საუკეთესო მოთამაშეს, იგი დანიელ ჰაკეტი გახდა, რომელმაც 30 წუთში 19 ქულა მოაგროვა.
ფინალური მატჩი კვირას გაიმართება. „სიენას“ იტალიის თასს „ვარეზე“ შეეცილება, რომელმაც ნახევარფინალში „რომას“ 81:71 მოუგო.