საფრანგეთი-საქართველოს მატჩისშემდგომი კომენტარები

საქართველოს ნაკრებმა ანტიბის საერთაშორისო ტურნირი თითო მოგებ-წაგებით დაასრულა და ხვალ, გამთენიისას, თბილისში დაბრუნდება. საფრანგეთთან გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს მატჩის მონაწილეებმა. თავდაპირველად, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის კომენტარს:

“სერბეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება ვიზეიმეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური შეხვედრა გახლდათ, ეს ჩვენი გუნდისთვის და მთლიანად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. რაც შეეხება ფრანგებთან თამაშს, მათ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ჩვენთვის მეტად სარგებლიანი მატჩი გახლდათ, რადგანაც დაცვაში ბევრი ნიუანსები გამოჩნდა”.
მანუჩარ მარკოიშვილი:
“სერბეთთან კარგად გავისარჯეთ, ფრანგებმა კი უკეთ მოამზადეს ჩვენს წინააღმდეგ თამაში და დაცვაში დიდი პრობლემები გვქონდა. იმედია, ეს წაგება ჭკუის სასწავლებელი იქნება და სლოვენიისთვის ერთ-ერთ კარგი მოსამზადებელი ეტაპად იქცევა”.
ვინსენ კოლე, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “დღეს გავიმარჯვეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრები სერბეთთან მძიმე მატჩის შემდეგ დაღლილი იყო. არავის არ შესწევს ძალა 2 დღე ზედიზედ ერთ დონეზე ითამაშოს და მატჩის მე-2 მეოთხედში სწორედ ეს ფაქტორი გამოვიყენეთ. თუმცა, საქართველო ძალიან კარგი გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ 2 წამყვანი მოთამაშე – ბატუმი და აჟინკა გვაკლდა, ბიჭების თამაშით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ. სათადარიგო კალათბურთელები კარგად გაისარჯნენ. შემდეგი მატჩი მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან გველის და ეს შეხვედრა ევრობასკეტისთვის კარგად მოსამზადებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.