საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოუგო ბელარუსს და A დივიზიონის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. იგორ კოკოშკოვის დამოძღვრილმა ქართველებმა ისე დამაჯერებლად ვერ ითამაშეს, როგორც 4 დღის წინ ბელარუსში, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – ჩვენებმა იმარჯვეს და საბოლოოდ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ბელარუსებს 16 ქულით აჯობეს.
თამაშის შემდეგ გადავსეულ სპორტის სასახლეში დიდ ზეიმს დაესადგურებინა. ყველა ერთად ხარობდა ელიტარულ დივიზიონში ანაცვლებას. მომავალი წლიდან თბილისს გაცილებით სოლიდური ნაკრებები ეწვევიან და რაც მთავარია, იქ წარმატებას თუ მიაღწევს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა.
ნამატჩევს მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს:
ზაზა ფაჩულია: “ბელარუსს ძლიერი ნაკრები ყავს და დღეს ერთხელაც დაამტკიცა, რომ პლეი ოფში დამსახურებულად გავიდა. თამაშის დაწყებამდე ვიყავი დარწმუნებული, რომ დაძაბული შეხვედრა გველოდა. საბედნიეროდ გამარჯვება მოვიპოვეთ და A დივიზიონის საგზურიც გავინაღდეთ. დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანწილად ჩვენი გულშემატკივრების დამსახურებაცაა. ასეთი ქომაგობა არასოდეს არსად არ მინახავს. ამ დარბაზში, ჩვენს წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ ძლიერ ნაკრებს გაუჭირდება”.
ვიქტორ სანიკიძე: “მეტოქის სიძლიერეში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც არ ველოდი, ამხელა წინააღმდეგობას თუ გაგვიწევდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ხალხი გავახარეთ. A დივიზიონის თამაშების დაწყებამდე საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო შეიკვრება და გაძლიერდება”.
ვლადიმერ ბოისა: “ჯგუფური ეტაპის თამაშებისთვის და შემდეგ უკვე პლეი ოფისთვისაც ძალიან კარგად მოვემზადეთ. ლამის 2 თვე ერთად ვივარჯიშეთ და საკმაოდ კარგადაც შევთამაშდით. საქართველოს ნაკრებს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. ის ხომ სულ ახალგაზრდა პერსპექტიული კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. მე 28 წლის ვარ და გუნდში ყველაზე უფროსი ვარ. მადლობა მაყურებლებს, საოცარი მხარდაჭერისთვის”.
ესეც ბელარუსთა წაგებული გუნდის მწვრთნელის, ალექსანდრ პოპკოვის კომენტარიც:
“ძალიან დაძაბული თამაში იყო. ბელარუსის ნაკრები რატომღაც სტუმრად უკეთესად თამაშობს ხოლმე, ვიდრე საკუთარ კედლებში და დღესაც ასე იყო, მაგრამ ჩვენი საუკეთესო თამაში ამჯერად ნამდვილად ვერ ვაჩვენეთ. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და მის გულშემატკივრებს. ქართველი მაყურებლის ქომაგობით გაოცებული დავრჩი. სასიამოვნო იყო ამ საკალათბურთო გარემოში მოხვედრა”.
ნიკა ცქიტიშვილის მოხდენილად ჩატენილი ბურთი