იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
– ივლისის შემდეგ ერთად ვართ. ერთბაშად ამდენი მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება რთული იყო. საერთო ჯამში ჩემი გუნდის გარჯით კმაყოფილი ვარ. ისინი ზედა ლიგაში დებიუტანტები იყვნენ და საზოგადოებას დაანახეს, რომ ბევრი შეუძლიათ. ბულგარეთთან შეხვედრაში მათ მებრძოლი ხასიათი გვიჩვენეს, ენერგიულად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ბიჭების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
ზაზა ფაჩულია:
– დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა, საერთო სიტუაციით კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ევროპამდე ცოტა დაგვაკლდა. წლეულს კალათბურთელებმა დიდი გამოცდილება მივიღეთ. ასეთი დონის გუნდებთან პირველად ვითამაშეთ. გამოცდილება შეიძინეს ჟურნალისტებმა და ქომაგებმაც. გულდასაწყვეტია, რომ დარბაზი ისევე არ გაივსო, როგორც ბელგიასთან მატჩისას. იყო ზოგიერთი პუბლიკაცია, რამაც ჩვენზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედა, თუმცა, როგორც ჩვენ თამაში, თქვენ ასეთი დონის მატჩების გაშუქება პირველად გიწევდათ. იმედია, მომავალი სეზონისთვის წლევანდელ გამოცდილებას ყველა გავითვალისწინებთ და ყველაფერი გაცილებით უკეთესად გამოვა.
ლაშა გამყრელიძე:
– ვიცოდით, რომ დაძაბული ბრძოლა იქნებოდა. ბულგარეთი სერიოზული გუნდია. შედარებით დასვენებულები ვიყავით, თავისუფლადაც ვთამაშობდით და მეორე ტაიმში გარდატეხაც შევიტანეთ.
ვიქტორ სანიკიძე:
– დავამტკიცეთ, რომ A დივიზიონის ღირსები ვართ. დასანანია, ევრობასკეტზე მოსახვედრად ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ საგზურის მოპოვების შანსი კიდევ გვაქვს. გაისად ყველაფერს ვიღონებთ, რომ ბოლო საგზური სწორედ ჩვენ დაგვრჩეს. ბულგარეთი თავისივე სტრატეგიის მსხვერპლი გახდა: დიდი სხვაობით მოგებაზე ითამაშა. სწორი იქნებოდა, ჯერ მოგებაზე ეფიქრა და ამის მერე ეზრუნა დიდი უპირატესობით გამარჯვებაზე.
როსენ ბარჩევსკი (ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
– ვულოცავ ქართველებს. მათ დაცვაშიც კარგად ითამაშეს და გახსნილ თამაშშიც ყველაფერი გამოუვიდათ. ზოგადად, ორივე გუნდისთვის რთული შეხვედრა იყო, რადგან წინასწარ ვიცოდით, რომ ევრობასკეტზე მოსახვედრად დიდი სხვაობით მოგება გვჭირდებოდა. ამანაც იქონია გავლენა მატჩის სცენარზე.