საქართველოს ეროვნული ნაკრები ალმერის საერთაშორისო ტურნირის – „Euro Jam Countdown 2011”-ის გამარჯვებული გახდა. ოთხთა ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძელი ჰოლანდია ისრელს შეხვდა და 80:70 დაამარცხა. შესაბამისად, საბოლოო ცხრილმაც ასეთი სახე მიიღო:
საქართველო 3 2 1 236:203 5
ჰოლანდია 3 2 1 227:210 5
ვილანოვა 3 1 2 209:252 4
ისრაელი 3 1 2 237:244 4
საქართველომ და ჰოლანდიამ ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს, თუმცა იგორ კოკოშკოვის გუნდმა მასპინძლებს ჩაგდებულ-მიღებული ბურთების საერთო შეფარდებითაც აჯობა და პირად შეხვედრაშიც 77:72 სძლია. ასე და ამგვარად, ჩვენი ნაკრები ალმერის ოთხთა ტურნირის გამარჯვებულია, რომელშიც საქართველოსთან და ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდ „ვილანოვასთან“ ერთად ჰოლანდიისა და ისრაელის ეროვნული ნაკრებებიც გამოდიოდნენ.
„ჰოლანდია-ისრელის მატჩის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. როგორც გამარჯვებულ გუნდს, ტურნირის ორგანიზატორებმა სპეციალური თასი გადმოგვცეს, რომელიც თბილისში მოგვაქვს“ – განაცხადა ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.