საქართველო საბერძნეთთან ღირსეულად დამარცხდა და მაკედონიისთვის ემზადება (VIDEO)

საქართველო საბერძნეთთან ღირსეულად დამარცხდა და მაკედონიისთვის ემზადება (VIDEO)

საქართველოს ნაკრების ფიქრები მაკედონიის მატჩისკენაა მიპყრობილი, რომელიც 9 სექტემბერს გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველებს დღევანდელ შეხვედრაში საბერძნეთი რომც დაემარცხებინათ, თუკი მაკედონიას ვერ მოუგებენ, ჯგუფიდან ვერ გავლენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩში მოედანზე მოსაგებად გავიდა.
მატჩის დებიუტში ქართველებმა სახელოვანი კალათბურთელებით დაკომპლექტებულ საბერძნეთს ტოლი არ დაუდეს. თორნიკე შენგელიას, ვიქტორ სანიკიძისა და ზაზა ფაჩულიას ქულებით იგორ კოკოშკოვის გუნდი 8:5 დაწინაურდა. ბერძნების მწვრთნელმა ფოტის კაციკარისმა წუთშესვენება აიღო და შეგირდებს შესაბამისი დავალებები მისცა.

მოედანზე დაბრუნებული ბერძნები ისე ათამაშდნენ, ორიოდ წუთში ქართველების მწვრთნელს დასჭირდა წუთშესვენების აღება. მეტოქემ შორიდან სამიზნე გაისწორა – ნიკ კალატესმა და კოსტას კაიმაკოღლუმ სამიანები, ნიკოს ზისისმა კი საშუალო და ახლო სროლები ჩააგდო, რის შემდეგაც ელადელების უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა. მანუჩარ მარკოიშვილის სირენის თანხლებით ჩაგდებულმა სამქულიანმა პირველი მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა – 15:25.
მეორე პერიოდში მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა. საბერძნეთის ნაკრების კალათბურთელებმა სწრაფი და ზუსტი თამაშით სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს – საქართველომ პერიოდი 7:25 წააგო, რაც ძირითადად კალატესის (16 ქულა), ზისისის (11) და ადეტოკუმბოს (10) დამსახურება იყო. პირველ ტაიმში ბერძნებმა 12-დან 9 სამქულიანი ჩაგვიგდეს, რის ფონზეც წარმატებულ თამაშზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ბერძნებთან მატჩამდეც იცოდნენ, რომ ჯგუფის დარჩენილი მატჩებიდან ყველაზე პრინციპული, რომ იტყვიან, ცოფნა-არყოფნის მატჩი მაკედონიასთან შეხვედრა იყო და ეს აზრი დიდი შესვენებაზე კიდევ უფრო გაუმყარდათ.
მეორე ტაიმში იგორ კოკოშკოვმა სასტარტო ხუთეულით გააგრძელა თამაში. ქართველებმა გუნდური გარჯის წყალობით სიტუაცია გამოაკეთეს და მესამე მეოთხედის საწყის 5 წუთში 11 ქულა გაქვითეს – 38:55. აღნიშნულ ეპიზოდში შედეგიანად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც 8 ქულა მიითვალა. მალე შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს დუდა სანაძე – გიორგი შერმადინმა და ამ უკანასკნელის ეფექტურად ჩაგდებული ბურთის შემდეგ სხვაობა 15 ქულამდე შემცირდა – 40:55. ცხადია, ბერძნებმა წუთშესვენება აიღეს, თუმცა დარჩენილ 2 წუთში ვერაფერი მოახერხეს – საქართველომ მესამე მეოთხედი 26:11 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ მხოლოდ 13 ქულას აგებდა – 48:61.
ქართველებს წარმატების იმედი ჩაესახათ, ეს განცდა მას შემდეგ უფრო გაძლიერდა, რაც ჩამორჩენა 11 ქულამდე შევამცირეთ, მაგრამ ჯგუფის ერთპიროვნულმა ლიდერმა ბერძნებმა წაფორხილება არ დაუშვეს და შეხვედრა გამარჯვებამდე დიდი გართულებების გარეშე მიიყვანეს. საინტერესოა, რომ ქართველებმა იგივე ანგარიშით წააგეს ბერძნებთან, როგორც სლოვენიელებთან წინა მატჩი – 68:79.
საქართველოს ნაკრებში 20 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, 11 ქულა მიითვალა მანუჩარ მარკოიშვილმა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზე 10 დაგროვდა. კარგად ჩაერთო თამაშში გიორგი შერმადინი, რომელმაც თავი 9 ქულას მოუყარა.  ბერძნებს ნიკ კალატესმა ულიდერა 19 ქულით, ადეტოკუმბოსა და კუფოსის ანგარიშზე კი 12-12 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებს ხვალ ძალიან პრინციპული მატჩი ელის მაკედონიასთან. თუკი კოკოშკოვის გუნდი მეტოქეს 5 ქულით დაამარცხებს, დიდი შანსია, ჯგუფიდან გავიდეს, რადგან თითო მოგების მქონე სამ გუნდში – ჰოლანდია, მაკედონია, საქართველო – კოკოშკოვის ნაკრებს ბურთების საუკეთესო შეფარდება ექნება. ოღონდ ერთი პირობით: ბოლო ტურში მაკედონიამ სლოვენია ვერ უნდა დაამარცხოს, ხოლო ჰოლანდიამ – საბერძნეთი.
საქართველოსა და მაკედონიის ყოფნა-არყოფნის მატჩი ხვალ „ზაგრებ-არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
 
ევროპის ჩემპიონატი. C ჯგუფი. ზაგრები. 8 სექტემბერისაქართველო 68:79 საბერძნეთი15:25, 7:25, 26:11, 20:18სრული სტატისტიკა: 68:79

საქართველო: ცინცაძე 5, მარკოიშვილი 11, სანიკიძე 10ქ, 6მ, შენგელია 20ქ, 8მ, ფაჩულია 4ქ, 5პ; პულენი 4, შერმადინი 9, სანაძე 2, ფაცაცია, ბურჯანაძე 3 საბერძნეთი: სპანულისი 2, კალატესი 19ქ, 8პ, პრინტეზისი 3, ადეკოუმბო 12, კუფოსი 12; ბურუსისი 4, ზისისი 11. სლუკასი 3, კაიმაკოღლუ 8, პაპანიკოლაუ 5, მანცარისი
ფოტოგალერეა: 19 ფოტო