ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. С ჯგუფი
თბილისი. სპორტის სასახლე. 2 აგვისტო. 19:00
საქართველო 84:65 პოლნეთი
19:24 26:16 18:9 21:16
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტად მიჩნეული პოლონეთის დამარცხებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. იგორ კოკოშკოვის დამოძღვრილმა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა A დივიზიონის სადებიუტო მატჩში დამაჯერებლად, 19 ქულის სხვაობით სძლია 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელს. პოლონელების ძალის შესაფასებლად მარტო ის რად ღირს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მათ ლიტვა და ბულგარეთი დაამარცხეს, ჯგუფიდან გავიდნენ და საერთო ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ნაკრებისთვის მატჩი რიგიანად დაიწყო, რადგან პოლონელებს საკმაოდ ბევრი ჯარიმა დაუგროვდათ, ქართველებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო კი მარცინ გორტატის 2 პერსონალური იყო საწყის 4 წუთში, რის შემდეგაც მწვრთნელმა იგორ გრიშჩუკმა გორტატი მოედნიდან გაიხმო. სამაგიეროდ კარგად ირჯებოდნენ პოლონელი უკანახაზელები, რომელთაგან ნატურალიზებული ამერიკელი, ტომას კელატი გამოირჩეოდა. ის შორიდან კარგად ესროდა და სტუმრებმა რომ პირველი მეოთხედი 24:19 მოიგეს, სწორედ მისი და მაცეი ლამპეს სამქულიანების დამსახურებაა.
მეორე მეოთხედი საქართველომ რამდენიმე სათადარიგოთი დაიწყო. გიორგი შერმადინმა მოახერხა ტანმაღალი ლამპეს განეიტრალება, რომელსაც ნიკოლოზ ცქიტიშვილიც ეხმარებოდა, გიორგი გამყრელიძე კი ძირითადად დაცვაში იყო აქტიური და მთელს მოედანზე არ სცილდებოდა პოლონელთა სხარტ გამთამაშებელ მიხალ ჩილინსკის. ყველაფერმა ამან ბუნებრივი შედეგი გამოიღო და ქართველებმა დაწინაურება მოახერხეს. მალე მოედანზე ზაზა ფაჩულია მობრუნდა, რომელმაც საბოლოოდ გაიმაგრა ფეხი პოლონელთა ფარქვეშ და ნებისმიერი მეტოქე, რომელიც მისგან დაცვას ცდილობდა, ყველანაირად დაჩაგრა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია ფაჩულიას თამაში პოლონელთა ფარქვეშ: მის მიერ ამ მატჩში მოგროვებული 8–ვე მოხსნა ზაზამ პოლონელთა ფარზე მოიპოვა, რითაც ის ქართველებს შანს აძლევდა, გაფუჭებული შეტევა ხელახლა წამოეწყოთ. საკუთარ ფარზე კი ქართველებს კომფორტულად ყოფნის საშუალებას ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი აძლევდნენ. მთლიანობაში საქართველომ მოხსნებში იოლად დაჩაგრა პოლონეთი: 44:21.
მეორე მეოთხედი კოკოშკოვის გუნდმა 26:16 მოიგო და დიდ შესვენებაზე 5–ქულიანი ლიდერობით გავიდა. გასახდელიდან დაბრუნებული საქართველო მეორე ტაიმში სულ სხვაგვარად ათამაშდა. გუნდი დაცვით ტაქტიკაზე გადაერთო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩვენები პოლონელებს ერთი ერთზე, მთელს მოედანზე იჭერდნენ, ბურთის თავისუფლად გათამაშების საშუალებას არ აძლევდნენ და ამით შეტევისა თუ სროლის უფლებას მაქსიმალურად უზღუდავდნენ.
პოლონელები პერიმეტრზე ერთხელაც ვერ დარჩნენ თავისუფლად, ხოლო რაც ქართველთა მარწუხებიდან ესროლეს, აბსოლუტური უმრავლესობა ააცილეს. ქართულპასპორტიანი ამერიკელი ტორინ გრინიც კარგად ჩაჯდა ჩვენი გუნდის დაცვით სქემაში. ის მეტოქეს ლანდივით აეკრო და გასაქანს არ აძლევდა, თუმცა მხოლოდ დაცვით როდი გამოირჩეოდა გრინი, მან არაერთი უმნიშვნელოვანესი გარღვევა განახორციელა იმ მომენტში, როცა ქართველებმა საბოლოოდ გატეხეს მეტოქე. ამოქმედდა გიორგი ცინცაძეც, რომელმაც რამდენიმე შედეგიანი გარღვევა განახორციელა, ნიკა ცქიტიშვილმა სამიანი ჩააგდო, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის მიყოლებით შესრულებულმა ზუსტმა სტყორცნებმა საქართველოს დამაჯერებელი უპირატესობა მოუტანეს მესამე მეოთხედის ბოლოს – 63:49.
ქართველებს წარმატების მისაღწევად მეოთხე მეოთხედში ტემპის შენარჩუნება მართებდათ და ეს კოკოშკოვის გუნდმა ბრწყინვალედ შეასრულა. შეინარჩუნეს კი არა, კიდევ უფრო შემართებით ათამაშდნენ ქართველები. გუნდის ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ ამჯერადაც არ გაახარა მეურვეები, მისი შეჩერება ფარქვეშ შეუძლებელი გახდა და როცა საქართველოს უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა, ყველაფერი ცხადი გახდა.
ჩვენს ქვეჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ბულგარეთმა დაძაბულ ბრძოლაში 8 ქულით დაამარცხა პორტუგალია. შეხვედრაში ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მასპინძელი პორტუგალიელები 59:55 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ბულგარელებმა იძალეს, თავად 12 ქულა ჩააგდეს, მასპინძლებს კი ერთიც არ ჩააგდებინეს და ქართველების დარად ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს. თუმცა ჯგუფის ლიდერი საქართველოა, რაკი ჩვენებმა გაცილებით დიდი სხვაობით დაამარცხეს პოლონეთი, ვიდრე ბულგარეთმა პორტუგალია.
1. საქართველო 1 1/0 84/65 2
2. ბულგარეთი 1 1/0 67/59 2
3. პორტუგალია 1 0/1 59/67 1
4. პოლონეთი 1 0/1 65/84 1
5. ბელგია 0 0/0 0/0 0
5 აგვისტო
ბელგია – საქართველო
პოლონეთი – პორტუგალია
ფაჩულიამ მაცეი ლამპეც (6) დაჩრდილა და მთელი პოლონეთიც
საქართველოს ნაკრების ფარქვეშ ქართველები ბატონობდნენ
ვიქტორ სანიკიძის და ტომას კელატის საჰაერო ბრძოლა
ფაჩულიამ პოლონელთა ფარქვეშ 8 ბურთი მოხსნა