საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ბოლო ტურის მატჩში მასპინძელი ხორვატია დაამარცხა და ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა თანამემამულეების მიერ შეგულიანებული ხორვატები 13 ქულით – 71:58 დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს.
თუმცა უფრო მნიშვნელოვანი მატჩი, რომელმაც ქართველების პლეი ოფში გასვლის საკითხი უნდა გადაწყვიტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ მატჩში C ჯგუფის ფავორიტი და პირველობაგანაღდებული საბერძნეთი აუტსაიდერ ჰოლანდიას ხვდება და თუკი გაიმარჯვებს, იგორ კოკოშკოვის გუნდი პლეი ოფში გავა.
საქართველო ბოლო ტურში მასპინძელ ხორვატიას შეხვდა, თუმცა მანამდე სლოვენიამ მაკედონია დაამარცხა და ამით მე-3 ადგილი ხომ გაინაღდა და თან ქართველების წისქვილზე დაასხა წყალი. მაკედონიას რომ მოეგო, ქართველებს ხორვატიასთან უთუო გამარჯვება სჭირდებოდათ, თუმცა სლავებმა იმარჯვეს და საქართველო – ხორვატიის დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაეკარგა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ხორვატია მე-2 ადგილზე გადიოდა, ხოლო საქართველო მოიგებდა თუ წააგებდა, მაინც ბერძნების ჰოლანდიასთან გამარჯვება სჭირდებოდა.
ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე მოთამაშე ქართველები ლაღად ირჯებოდნენ და ხორვატიის მძლავრ გუნდს ტოლს არაფერში უდებდნენ. მართალია, ანგარიში ხორვატებმა გახსნეს, თუმცა თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას და ვიქტორ სანიკიძის ქულებით ქართველები ლიდერობას დაეპატრონნენ და პირველ მეოთხედში უმტესწილად წინ იყვნენ. ხორვატებმა ლიდერობა პერიოდის მიწურულს მოიპოვეს, რაშიც მათი კაპიტნის, როკო უკიჩის სამქულიანის როლი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ბოლო წუთზე ჯეიკობ პულენმაც მიითვალა სამიანი და საქართველომ საწყისი მეოთხედი მინიმალური სხვაობით – 14:13 მოიგო.
მეორე მეოთხედი ჩვეული დინებით გაგრძელდა. როგორც ჩანდა, ხორვატიას აწყობდა თამაშის ნელი ტემპი, ქართველები კი უფრო სწრაფად მოქმედებნენ. გუნდები ერთმანეთს კუდში მიჰყვებოდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად კოკოშკოვის გუნდი ლიდერობდა. ამჯერად „ზაგრებ-არენა“ არ იყო პირთამდე შევსებული, თუმცა ხორვატი ქომაგები ქართველებს ერთი ათად მაინც სჭარბობდნენ და ასეთ ატმოსფეროში ქართველების ლიდერობა საამაყო იყო.
მეორე მეოთხედი საკმაოდ უშედეგო გამოდგა. ტაიმის დასრულებამდე 3,30 წუთით ადრე ქართველები 23:19 იგებდნენ, რაც ჩვენების კარგი დაცვის შედეგი იყო. პერიოდის დასკვნით წუთებზე ქართველებმა შეცდომებს უხშირეს, რაც ხორვატებმა არ გვაპატიეს და ბოლოსწინა წუთზე ანტე ტომიჩის ორიანის შემდეგ ხორვატები წინ გავიდნენ – 24:23, დიდი შესვენებისთვის კი 3-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 28:25.
მოედანზე დაბრუნებული ქართველები მეტი მობილიზებით ათამაშდნენ. კოკოშკოვი თამამად მიმართავდა როტაციას – მოედანზე ბექა ბურჯანაძე გამოჩნდა, ხოლო გამთამაშებლად ჯეიკობ პულენი დადგა. ამერიკელი ლეგიონერის აზრიანმა თამაშმა, გამოზომილმა პასებმა და ქართველების ზუსტად შესრულებულმა კომბინაციებმა საქართველოს ნაკრებს ამ თანაბარი თამაშისთვის ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოუტანა – დუდა სანაძისა და მარკოიშვილის საშუალო ტყორცნის შემდეგ ანგარიში 47:41 გახდა. ბოლო წამებზე ბოიან ბოგდანოვიჩმა სამქულიანი ჩააგდო და ბოლო პერიოდის წინ საქართველო 47:44 იგებდა.
ხორვატებმა ჩამორჩენა თამაშის განახლებისთანავე გაგვიბათილეს. ბალკანელმა სნაიპერმა კრუნოსლავ სიმონმა სამქულიანით 47:47 დააფიქსირა. ამის შემდეგ ქულა ქულაში თამაში წავიდა, სანამ ქართველებმა ხორვატებს სპურტი არ მოუწყვეს. მასპინძელის ბოლო ლიდერობა 51:49-ზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც ქართველების დრო დადგა. დუდა სანაძემ ზედიზედ 2 გარღვევა ჩააგდო და 51:55 ჩამორჩენილი ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო. მოედანზე დაბრუნებულმა სანაძემ უარესი დამართა ხორვატებს, როცა სამქულიანი მიითვალა და კიდევ ერთი შედეგიანი გარღვევა განახორციელა – 62:51 და პერასოვიჩმა მეორე წუთშევენებაც გამოიყენა.
ქართველები ვერც ამან შეაჩერა და თორნიკე შენგელიას ქულებს ვიქტორ სანიკიძის სამქულიანი მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ქართველები 16 ქულით დაწინარუდნენ – 67:51. ეს იმას ნიშნავდა, რომ გადამწყვეტ წუთებზე ქართველებმა 18:0 გაქცევა მოაწყვეს და ხორვატიის ამბიციურ ნაკრებს დაახლოებით 8 ათასი გულშემატკივრის თვალწინ დამარცხება აგემეს – 71:58.
ევროპის ჩემპიონატი. C ჯგუფი. ზაგრები. 10 სექტემბერი საქართველო 71:58 ხორვატია 14:13, 11:15, 22:16, 24:14
საქართველო: ცინცაძე 2 ქულა, 4 პასი, მარკოიშვილი 10, სანიკიძე 12, შენგელია 11ქ, 6მ, 5პ, ფაჩულია 12ქ, 7მ, 3პ; პულენი 10, შერმადინი 2, სანაძე 12, ბურჯანაძე
ხორვატია: დრეიპერი 2, ტიმიჩი 10, რუდეჟი 2, სტიპჩევიჩი 8, ბოგდანოვიჩი 7, შარიჩი 5, უკიჩი 3, სიმონი 5, ბილანი, ჟორიჩი16, ჰეზონია
სრული სტატისტიკა: 71:58