საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიასთან ყოფნა-არყოფნის მატჩი გმირულად ჩაატარა და ბრწყინვალე – 15-ქულიან გამარჯვებას მიაღწია. ქართველებმა გუნდური სულისკვეთებისა და შეუპოვრობის ხარჯზე მოახერხეს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენთვის ყველაზე პრინციპული მატჩის მოგება და ეს ისე მოახერხეს, რომ თუკი ბოლო ტურში ყველაფერი მოლოდინისამებრ დასრულდა, საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გავა.
საქართველომ მაკედონიის 4-ზე მეტი ქულით დამარცხებით გაინაღდა ის, რომ თუკი (და ამის იმედი გვაქვს) 3 ნაკრები – მაკედონია, ჰოლანდია და საქართველო საბოლოოდ თანაბარ ქულებს დააგროვებენ, ქართველები ორივე ოპონენტს აჯობებენ. ეს რომ ასე მოხდეს – ბოლო ტურში ყველა ფავორიტმა უნდა იმარჯვოს – სლოვენიამ მაკედონიასთან, საბერძნეთმა – ჰოლანდიასთან და ხორვატიამ – საქართველოსთან. არის თეორიული შანსი, თუკი კოკოშკოვის გუნდი ბოლო ტურში ხორვატებს დაამარცხებს, პირველობას ვერავინ შეეცილება, თუმცა ამის იმედზე ვერ ვიქნებით.
სწორედ მაკედონიასთან და ჰოლანდიასთან უპირატესობის მოსაპოვებლად იყო საჭირო მაკედონიელების 4-ზე მეტი ქულით დამარცხება. ეს ქართველებმა მოახერხეს და ახლა ჯგუფის ბოლო ტურში ლოგიკურ შედეგებს უნდა უქომაგონ, რათა ხვალ საღამოს, ჩარტერული რეისით საფრანგეთის ქალაქ ლილში, მერვედფინალის სათამაშოდ გაფრინდნენ.
მატჩი ქართველების უპირატესობით დაიწყო. მწყობრი დაცვის ხარჯზე კოკოშკოვის გუნდს თამაში შეტევაშიც წაუვიდა. მაკედონიელებს ეტყობოდათ, რომ ძირითადი კომბინაციები სამქულიან სროლებზე ჰქონდათ, მაგრამ ქართველები საკუთარი ფარის პერიმეტრზე გონივრულად მოძრაობდნენ, ერთმანეთს აზღვევდნენ და მეტოქეს შორიდან არ ასროლინებდნენ. თუკი მაინც მოახერხებდნენ, მაკედონიელები მიზანს აცილებდნენ.
შეტევაში ქართველები კომბინირებულ არსენალს იყენებდნენ. მანუჩარ მარკოიშვილმა დებიუტში სამქულიანი ჩააგდო, ზაზა ფაჩულიამ კი ფარქვეშ გაიმყარა პოზიციები და მას ამაში თორნიკე შენგელიაც ეხმარებოდა. შედეგად ქართველებმა პირველი ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს, როცა 10:3 დაწინაურდნენ. კოკოშკოვმა პირველივე მეოთხედში შეუშვა მოედანზე სათადარიგო დუდა სანაძე, ასევე ჯეიკობ პულენი, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი. ამან საქმეს კი არ ავნო, არამედ პირიქით: სანაძემ ახალგაზრდული მუხტი შეიტანა ფიცარნაგზე. მოედნის ცენტრში უმნიშვნელოვანესი ჩაჭრა განახორციელა, რასაც მაკედონიელთა არასპორტულად დაჯარიმება მოჰყვა.
ქართველების შედეგიანი თამაში შედეგშიც აისახა და პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე კოკოშკოვის გუნდის 14-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა – 21:7. ჩვენი ნაკრების კარგი თამაში მეოთხედის ბოლომდე ვერ გაგრძელდა. მაკედონიელებმა როგორც იქნა მონახეს ჩვენს დაცვაში სუსტი წერტილი და პერიოდის მიწურულს 2 სამქულიანი ჩააგდეს. ბოლო წამზე კი მაკედონიელების აცილებულ ბურთს ჩვენიანი შეეხო და ეს ბურთიც ჩათვალეს მსაჯებმა – 21:18 – სოლიდური უპირატესობა თვალს და ხელს შუა გაქრა, თუმცა მეორე მეოთხედიდან ქართველებმა მაკედონიელებს პატარა გაკვეთილი ჩაუტარეს. ჯეიკობ პულენის, გიორგი ცინცაძის, ვიქტორ სანიკიძის და სხვათა შედეგიანობით ქართველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს: მეორე მეოთხედის მე-5 წუთისთვის 15-ქულიანი უპირატესობა დაფიქრიდა – 40:25.
სამწუხაროდ, ეს სოლიდური ლიდერობა 2 წუთში გავფლანდეთ. შეტევაში ბურთის დაკარგვა, დაცვაში რამდენიმე შეცდომა და მაკედონიელებმა ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება მოახერხეს – 37:40, თუმც ჩვენმა კალათბურთელებმა პირველი ტაიმის უძლიერესი ბოლო წუთები ჩაატარეს და ცინცაძის სამქულიანით დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 48:37.
მესამე პერიოდში თანაბარი თამაში წავიდა. ქართველები როტაციის და გააზრებული თამაშის წყალობით მოპოვებულ უპირატესობას ინარჩუნებდნენ. ის კი არა, გუნდური თამაშის წყალობით, სათადარიგოების აქტიურობით, მატჩში მანამდე არსებული ყველაზე მაქსიმალური სხვაობა დაფიქსირდა – ქართველები 18 ქულით გალიდერდნენ.
საბოლოოდ მესამე პერიოდი ქართველების 16-ქულიანი უპირატესობით – 71:55 დასრულდა და დადგა გადამწყვეტი მეოთხედი. ქართველებს 11 ქულა ჰქონდათ ჰანდიკაპში, რადგან 5, მაქსიმუმ 4 ქულაზე მეტით არ უნდა წაეგოთ და ზაზა ფაჩულიასა და მთელი გუნდის ერთიანობით ქართველებმა ეს გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს. ბოლო მეოთხედში ქართველებმა ისე დიდებულად ითამაშეს, რომ მაკედონიელებმა ფარხმალი თამაშის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე დაყარეს. აღნიშვნის ღირსია ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას დიდებული თამაში, რომელიც მაკედონიელთა სამწამიანი ზონის რისხვად იქცა. კაპიტანს მხარს კარგად უბავდნენ თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძე, ხოლო პერიმეტრზე გონივრულად მოქმედებდნენ ცინცაძე და მარკოიშვილი.
ამ გუნდური და გააზრებული თამაშის ხარჯზე ქართველების უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და მაკედნიელებმა თეთრი დროშა ააფრიალეს. საბოლოოდ 90:75, საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვება და კოკოშკოვის გუნდი ჯგუფიდან გასვლის ზღვარზეა. საამისოდ ხვალ სლოვენიამ და ხორვატიამ საკუთარი თამაშები უნდა მოიგონ. მოგების და პლეი ოფის განაღდების ანალოგიური შანსი ქართველებსაც აქვთ – ხორვატიასთან.
ევროპის ჩემპიონატი. C ჯგუფი. ზაგრები. 9 სექტემბერი
მაკედონია 75:90 საქართველო18:21, 19:27, 18:23, 20:19 სრული სტატისსტიკა: 75:90
მაკედონია:ილიევსი 4, ბრჩკოვი, კოსტოსკი 12, ვ. სტოიანოვსკი 4, დ. სტოიანოვსკი 14, სიმონოვსკი 6, ტრაიკოვსკი 13, გუროვსკი 3, ჰენდრიქსი 14ქ, 7მ, სამარძინსკი 5
საქართველო: ცინცაძე 12 ქულა, 6 პასი, მარკოიშვილი 18, სანიკიძე 4ქ, 6მ, შენგელია 15, ფაჩულია 23ქ, 14მ, პულენი 6ქ, 3პ, შერმადინი 6, სანაძე 6, ბურჯანაძე
ფოტოგალერეა: 31 ფოტო
კოკოშკოვის გუნდი